თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ლაზარე გრიგორიადისის საქმის არსებითი განხილვა განახლდა. დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მოწმე პოლიციელები დაკითხეს.
ერთ-ერთი მათგანი "ოქროს მოწმეა," თუმცა მან ვერ უპასუხა კითხვებს თუ რა მომენტში დაინახა ლაზარე ან სად იდგა ის.
"ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ ისროლა მოლოტოვის კოქტეილი, მაგრამ ვინ ისროლა თავიდან ვერ დავინახე. რომელი მხრიდანაც იყო გამოსროლილი, იქითა მხარეს გავიხედე და დავინახე ერთ-ერთი ჩემთვის უცნობი აქციის მონაწილე, ახალგაზრდა, იყო მოხრილ მდგომარეობაში და ცეცხლს უკიდებდა რაღაცას. ამ დროს წამოდგა და ისროლა პოლიციის მიმართულებით და წაეკიდა ერთ-ერთ თანამშრომელს ტანსაცმელზე," - თქვა მოწმემ.
გრიგორიადისის ადვოკატი, თათია მანეჟაშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთი პოლიციელი შეეცადა გამოკითხვის ოქმისგან სრულიად განსხვავებული ინფორმაცია მიეწოდებინა სასამართლოსთვის.
"თავიდან [ერთ-ერთი მოწმე] შეეცადა სრულიად განსხვავებული ინფორმაცია მიეწოდებინა სასამართლოსთვის, ვიდრე მას დაფიქსირებული აქვს გამოკითხვის ოქმში, თუმცა დაცვის მხარის ეფექტური დაკითხვის შემდგომ, მას არაერთ კითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა და განაცხადა, რომ მოლოტოვის კოქტეილი ისროლა არაერთმა პიროვნებამ. დაცვის მხარის კითხვაზე, თუ როგორ შეძლო კონკრეტული პიროვნების ამოცნობა და იდენტიფიცირება, მან განაცხადა, რომ იმყოფებოდა ლაზარესთან ძალიან ახლოს..." - ამბობს ადვოკატი.
სხდომას ესწრებოდა "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძეც. მან დღევანდელ სხდომას "სტანდარტული მასკარადი" უწოდა და აღნიშნა, რომ პოლიციელები ცრუ ჩვენებებს იმეორებდნენ.
გრიგორიადისის მომდევნო სასამართლო პროცესი 17 ოქტომბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შსს-ს მტკიცებით, მან 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ავტორი: საბა ბუაძე
ასევე ნახეთ: