"ავიამზიდი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში გადავიყვანეთ... მზად ვართ, თუ საჭირო გახდება, დამატებითი საშუალებები გავაგზავნოთ", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საუბრობს და ამბობს, რომ აშშ-მ შეკავების უზრუნველსაყოფად "რეგიონში სამხედრო ძალის პოზიციონირება" გააძლიერა.
"თავდაცვის დეპარტამენტმა ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფი USS Gerald R. Ford ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში გადაიყვანა და ჩვენი საბრძოლო ავიაციის წარმომადგენლობა გააძლიერა და მზად ვართ თუ საჭირო გახდება დამატებითი საშუალებები გავაგზავნოთ", - განაცხადა ბაიდენმა.
ასევე, აშშ-ის პრეზიდენტმა მტრულად განწყობილი მხარეები გააფრთხილა, რომ ისრაელში შექმნილი ვითარებით არ ისარგებლონ.
"ჩვენი გულები შესაძლოა გატეხილია, მაგრამ ჩვენი გამბედაობა ნათელია. გუშინ ასევე ვესაუბრე საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს, რათა ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ბოლო მოვლენები განგვეხილა და ჩვენი ერთობლივი პასუხის კოორდინაცია მოგვეხდინა", - განაცხადა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ''ჰამასმა'' აიღო და მას ოპერაცია ''ალ-აკსას'' შტორმი ეწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია ''რკინის ხმლების'' დაწყება გამოაცხადა.