მედიის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და "ეროვნული ერთიანობის პარტიის ლიდერი" ბენი განცი საგანგებო მთავრობის შექმნაზე შეთანხმდნენ.
ნეთანიაჰუ და განცი ერთმანეთს დღეს დილით თელ-ავივში, IDF-ის [ისრაელის თავდაცვის ძალები] შტაბ-ბინაში შეხვდნენ.
შეხვედრა ნახევარ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც "ლიკუდისა" და "ეროვნული ერთიანობის" იურისტებმა დეტალების შეთანხმება დაიწყეს.
შეიქმნება "ომის კაბინეტი", რომელშიც შევლენ პრემიერი ნეთანიაჰუ, განცი და ქვეყნის თავდაცვის მინისტრი.
გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობა არ მიიღებს არანაირ კანონსა თუ გადაწყვეტილებას, რაც არ იქნება ომთან კავშირში, შესაბამისად, საკამათო სამართლებრივი საკითხები საგანგებო მთავრობის მოქმედების პერიოდში არ გადაწყდება.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ოპოზიციას საგანგებო მთავრობის შექმნა 7 ოქტომბერს, ჰამასის ისრაელზე თავდასხმისა და ომის დაწყების შემდეგ შესთავაზა.
მედიის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ნეთანიაჰუ და განცი რამდენჯერმე შეხვდნენ დეტალების განსახილველად ერთმანეთს, თუმცა საბოლოო შეთანხმებას მხოლოდ დღეს მიაღწიეს.