ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში გაემგზავრა. როგორც გამგზავრებამდე მან ჟურნალისტებს უთხრა, ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.
"ასეთი აღვირახსნილობა ტერორისტული დაჯგუფების, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს შემდეგ არ გვინახავს. ჩვენ მის წინააღმედეგ ძალიან მტკიცედ დგომას გავაგრძელებთ", - განაცხადა ბლინკენმა.
მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჰუმანიტარული დერეფნის შესახებ, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას ღაზის ეგვიპტის გავლით დატოვების საშუალებას მისცემს.
"ამაზე ისრაელს ვესაუბრებით. ვსაუბრობთ ეგვიპტესთანაც. ეს უწყვეტი საუბარია, დეტალებს ვერ ჩავუღრმავდები... ისრაელმა უნდა გადადგას ნაბიჯები თავის დასაცავად. უნდა დარწმუნდეს, რომ ნებისმიერი მუდმივი საფრთხე მოხსნილია. ასევე, მიმაჩნია, რომ ისრაელი უნდა დარწმუნდეს, რომ რაც მოხდა, აღარ განმეორდება", - განაცხადა ბლინკენმა.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ''ჰამასმა'' აიღო და მას ოპერაცია ''ალ-აკსას'' შტორმი ეწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია ''რკინის ხმლების'' დაწყება გამოაცხადა.