საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლადდანიშნულმა ელჩმა, რობინ დანიგენმა საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა რის შემდეგაც მათ შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. აღინიშნა ყველა პრიორიტეტულ სფეროში, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ოთხივე მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა.
უწყება წერს, რომ რობინ დანიგენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა.
ძალიან მოხარული ვარ და დიდი პატივია ჩემთვის წარმოვადგენდე პრეზიდენტ ბაიდენს, როგორც შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში. მადლიერი ვარ, რომ მქონდა საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა პრეზიდენტ ბაიდენის რწმუნებათა სიგელების ასლების გადასაცემად. მოუთმენლად ველი საქართველოს ხალხთან და საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობის კიდევ უფრი გაღრმავებისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიზნით.
მე ვიცი, რომ საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს სურს ინტეგრაციის გაღრმავება ევროკავშირთან, ნატოსთან, დასავლეთთან და პრეზიდენტ ბაიდენთან და მდივან ბლინკენთან ერთად მეც ვუჭერ მხარს ამ გზას. მჭიდროდ ვითანამშრომლებ საქართველოსთან ამ მიზნის მისაღწევად. მოუთმენლად ველი ჩვენი ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ისრაელის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
მინდა გავიმეორო პრეზიდენტის, ჩემი პრეზიდენტის და სახელმწიფო მდივნის ბლინკენის სამძიმარი ისრაელის ხალხის მიმართ. აშშ და საქართველო ერთად დგას და ჩვენ უაღრესად მადლიერნი ვართ ამისთვის. ძალიან მოხარული ვარ საქართველოში ყოფნით და მადლობას გიხდით თბილი დახვედრისთვის, - განაცხადა დანიგენმა.