ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი, რობინ დანიგენი საქართველოშია. საელჩომ სოციალურ ქსელში მისი ფოტო გამოაქვეყნა.
"აშშ-ის საელჩო სიხარულით მიესალმება ელჩი რობინ დანიგენის ჩამოსვლას საქართველოში", - დაწერა საელოჩომ.
ელჩად დანიშვნამდე დანიგენი სახელმწიფო დეპარტამენტში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მანამდე კი მუშაობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში.
მოსმენების დროს დანიგენმა განაცხადა, რომ თუ ელჩად დაამტკიცებდნენ, იმუშავებდა საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან ერთად, "რათა მათ აისრულონ საკუთარი ქვეყნის ევროკავშირში, ნატოსა და ზოგადად დასავლურ სამყაროში ინტეგრირების ოცნება".
დანიგენმა ელჩის თანამდებობაზე შეცვალა წინა პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი კელი დეგნანი.