ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ამბობენ, რომ ღაზას მოსახლეობა საევაკუაციო დერეფნების გამოყენებით ჩრდილოეთ ზოლის დატოვებას დღეს, ადგილობრივი დროით 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეძლებს.
"თუ თქვენ საკუთარ თავსა და თქვენს ახლობლებზე ზრუნავთ, წადით სამხრეთის მიმართულებით, ინსტრუქციის მიხედვით. დარწმუნებულნი იყავით, რომ "ჰამასის" ლიდერებმა უკვე იზრუნეს საკუთარ თავებზე და საჰაერო თავდასხმებს ემალებოდნენ," - მოუწოდებს IDF ღაზის მოსახლეობას და აღნიშნულ ინფორმაციას X-ზე არაბულად აქვეყნებს.
როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაეროს აცნობეს, ღაზის პალესტინელი მოსახლეობა სამხრეთით უნდა გადაადგილდეს.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.
სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.