"შაბათის მთავარში" გასული ვრცელი რეპორტაჟის შემდეგ უკვე რამდენიმე საათი გავიდა, თუმცა
ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მხილებული პრემიერის უახლოესი გარემოცვის წევრი, ზურაბ გონაშვილი, მეტსახელად "კაკაშა," შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე არ გამოუკითხავთ.
"მთავარი არხი" ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავს დაუკავშირდა, თუმცა ის არ პასუხობს ჩვენს კითხვას დაიბარეს თუ არა გამოკითხვაზე.
შეგახსენებთ, დედოფლისწყაროს სოფელი ხორნაბუჯში, ერთ-ერთ ხალხმრავალ ადგილას 50 წლამდე მამაკაცს ჯგუფურად ჩაუსაფრდნენ, მანქანით გაიტაცეს და ბეისბოლის ჯოხებითა და რეზინის ხელკეტებით, თვითმხილველის თანდასწრებით სცემეს.
ჯგუფური თავდასხმის ორგანიზატორად ნაცემი გიორგი ბექაური, პრემიერ ღარიბაშვილის უახლოეს ნათესავს, ზურაბ გონაშვილს ასახელებს და "მთავარ არხთან" დეტალურად ყვება, თუ რატომ გაუსწორდა "კაკაშას" დაჯგუფება.
ე.წ კახური კლანის წევრების მიერ სასტიკად ნაცემი მამაკაცი ანგარიშსწორებას წარსულში მომხდარ გაუგებრობას უკავშირებს. უკვე რამდენიმე წელია, რაც ბექაური "კაკაშას" ვალის დაბრუნებას სთხოვს, თუმცა უშედეგოდ. როგორც დაზარალებული იხსენებს, ის ღარიბაშვილის ნათესავის ერთ-ერთი სახლის მშენებლობაზე იყო დასაქმებული და კაკაშას მისთვის თანხა უნდა გადაეხადა, თუმცა სამუშოს დასრულებიდან რამდენიმე წლის შემდეგაც, პრემიერის ბიძა ფულს არ აძლევს.
საგამოძიებო უწყებამ კი თავდასხმაში მონაწილე პრემიერის გარემოცვის წევრის ნაცვლად, ნაცემი ბექაური ცნო სამართალდამრღვევად.
საქმეზე სასამართლო ხვალ, 15 ოქტომბერს, იმსჯელებს.
ასევე ნახეთ: