კანონპროექტს არ ვიცნობ, მაგრამ სიძულვილის ენის გამოყენება მედიაში თუ პოლიტიკურ დისკუსიაში, პრობლემაა | იოსელიანი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლითაც "მაუწყებლობის შესახებ" კანონში მორიგი ცვლილებების შეტანა იგეგმება, ბიუროს დღეს წარედგინება.

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ამ კანონპროექტს არ იცნობს, მაგრამ სიძულვილის ენის გამოყენება პრობლემაა და "გარკვეული ინიციატივები" მათაც ექნებათ.

"კანონპროექტს არ ვიცნობ, მაგრამ, ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ სიძულვილის ენის გამოყენება მედიაში იქნება თუ პოლიტიკურ დისკუსიაში თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, არის პრობლემა და ამ მიმართულებით ჩვენც გვექნება, ალბათ, წინასაარჩევნოდ გარკვეული მოსაზრებები, ინიციატივები. იმიტომ, რომ რასაც თვალყურს ვადევნებთ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად სიძულვილის ენის ხარისხი, მასშტაბი, ჩვენს ქვეყანაში მატულობს," - თქვა იოსელიანმა. 

შეგახსენებთ, მედიის მიერ სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელების საკითხზე "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს.

კანონპროექტის მიხედვით, ასეთ დარღვევაზე მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრება იქნება შესაძლებელი.

მაუწყებლები, რომლებიც სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვის მოთხოვნას დაარღვევენ, ჯერ გაფრთხილებას მიიღებენ, ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დაეკისრებათ ჯარიმა - ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2 500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის თანხა იზრდება.

როგორც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ამბობენ, ეს ცვლილება მორიგი მცდელობაა, რომ ხელისუფლებამ კრიტიკული მედიის ფუნქციონირება შეზღუდოს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი