"ოცნების" ოცნების დრო დამთავრდა! მათ ოცნებებს არ გავამართლებ და არსად არ წავალ", - ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საგანგებო მიმართვისას საუბრობს.
"ეს არის მცდელობა ოცნების, მაგრამ "ოცნების" ოცნების დრო დამთავრდა. მათ ოცნებებს არ გავამართლებ და არასად არ წავალ. მერე თვითონ იფიქრონ,რომელი სალომე ზურაბიშვილი ჯობდა მათთვის. ეს მე აღარ მაინტერესებს, მე მაინტერესებს სად გამოვადგები ქვეყანას უფრო - როგორც თავისუფალი პოლიტიკოსი, ან პრეზიდენტი რომელიც გააგრძელებს თავის მანდატს", - ამბობს ზურაბიშვილი.
მისი თქმით, მას სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არ გაკვირვებია, თუმცა გული ეტკინა: "ამ ქვეყანაში უკვე აღარაფერი არ მიკვირს და ნამდვილად არ გამიკვირდა დღევანდელი შედეგი. მაგრამ, გული მეტკინა იმ საკონსტიტუციო სასამართლოს გამო, რომელიც დღესდღეობით იყო დარჩენილი, როგორც ჩვენს სამართლებრივ სისტემაში ერთ-ერთი ადგილი, რომელიც ნდობას იმსახურებდა. დღეიდან უკვე ესეც აღარ არის. ისეთი დასკვნა დადო საკონსტიტუციო სასამართლომ, რომლისაც უნდა რცხვენოდეს".
ზურაბიშვილი ამბობს, რომ არსად წასვლას არ აპირებს და არ გადადგება:
"არსად არ მივდივარ. არ გადავდგები, არ გადმოვდგები. ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ მთელი ცხოვრება და რისთვისაც ჩამოვედი, დავრჩი, ქუჩაში ვიდექი ჩვენი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის. დღეს ერთი ქვით მოკლეს ევროპული მომავალი და დემოკრატიაც. ქვეყანაში, სადაც არანაირი ბალანსი არსებობას შტოებს შორის, ის ქვეყანა დემოკრატიულ ქვეყნად ვერ ჩაითვლება", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის შეფასებით, საკონსტიტუციოს ამ გადაწყვეტილებით "დღეს მოკლეს ევროპული მომავალიც და დემოკრატიაც..."
შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. 9 მოსამართლიდან გადაწყვეტილებაზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ - ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს. დასკვნა საბოლოოა და გასაჩივრებას, ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლებს, მათი თქმით, სასამართლომ ერთი-ერთში გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები და აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებია.
იხილეთ ასევე: