"უფლებები საქართველოს" ცნობით, 12 წლის ანას დედა, მტკიცებულებების დაზიანებაში ბრალდებული ექსპერტისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
მათი თქმით, დღეს დიდ დიღომში 12 წლის ანას გარდაცვალების საქმეში, საკვანძო მნიშვნელობის მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტს, სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა), ბრალი წარედგინა.
ორგანიზაციის იურისტები მიიჩნევენ, რომ საქმის კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს და ბრალი უნდა დამძიმდეს.
"არსებული ინფორმაციით, პროკურატურა ბრალდებულისათვის რაიმე სახის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობის დაყენებას არ აპირებს. "უფლებები საქართველოს" ადვოკატები და ბავშვის დედა მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, ბრალდებულ ექსპერტს შეეფარდოს წინასწარი პატიმრობა, რათა თავიდან იქნას აცილებული, მათ შორის, შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის, მოწმეზე ზემოქმედების ან/და მტკიცებულების განადგურების საფრთხე.
"უფლებები საქართველოს" ადვოკატები ასევე მიიჩნევენ, რომ საქმეზე გამოძიება უნდა გაგრძელდეს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით (საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობა), რასაც ორგანიზაცია თავიდანვე ითხოვდა.
შეგახსენებთ, რომ 12 წლის ანის გარდაცვალების საქმეში საკვანძო მტკიცებულებების დაზიანების შესახებ "უფლებები საქართველომ" საზოგადოებას 2023 წლის 5 ივლისს აცნობა. საუბარია იმ კატეგორიის ნივთმტკიცებებზე, რომელთა გამოკვლევითაც, შესაძლოა, დადგენილიყო გოგონას სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი ან/და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოება," - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, მოზარდის სხეულიდან აღებული მტკიცებულებები, მათ შორის უცხო თმა და ხელებიდან და სახიდან აღებული ნიმუშები არასწორად ჩატარებული სამუშაოების გამო განადგურდა და ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა. ოჯახი ვარაუდობს, რომ მოზარდი მოკლულია. მიმდინარე გამოძიებას, რომელიც განზრახ მკვლელობის მუხლით წარმოებს, ეჭვმიტანილი ამ დრომდე არ ჰყავს.
ასევე ნახეთ: