თბილისის პროკურატურაში მისული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ ყველა სათვალთვალო კამერა ამოღებულია და ახლა პროკურატურაში იმ საკმაოდ გრძელ მარშუტებს განიხილავენ, რომელიც ბაჩალიაშვილმა გაიარა.
მიხეილ რამიშვილის თქმით, ბაჩალიაშვილის გადაადგილების შესწავლით ისინი ცდილობენ დაადგინონ ხვდებოდა თუ არა თამარი გზად ვინმეს.
ამ დრომდე პროკურატურაში შეხვედრა არ დასრულებულა, თუმცა ადვოკატმა შენობა ცოტა ხნით დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებთან თქვა, ექსპერტიზის ბიუროდან ექსპერტიზის შუალედური დასკვნაც მოვიდა , რომელსაც უკვე გაეცნო. ადვოკატის თქმით, შუალედურ დასკვნაში გარდაცვალების მიზეზებსა და დროზე საუბარი არ არის, თუმცა საუბარია ავტომობილში აღმოჩენილ მედიკამენტებზე.
ცნობისთვის, უკვე 3 საათია, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, პროკურატურაში იმყოფება, საგამოძიებო უწყებაში დღეს, ის კითხვებით და მოთხოვნებით მივიდა. თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ მისი შვილის გარდაცვალებიდან ერთი თვის შემდეგაც, კონკრეტული პასუხები მთავარ კითხვებზე ჯერ ისევ არ აქვს.
თამარ ბაჩალიაშვილის დედა ექსპერტიზის პასუხს ელოდება და აინტერესებს გამოძიების პროცესში ამერიკის ფედერალური ბიურო როდის ჩაერთვება.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის ახალგაზრდა თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.