ისრაელი არ დაუშვებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას მისი ტერიტორიიდან ღაზას სექტორისთვის, სანამ არ გათავისუფლდებიან ტერორისტული ჯგუფების მიერ გატაცებული მძევლები - ნათქვამია ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის განცხადებაში. გადაწყვეტილება ე.წ. ომის კაბინეტმა მიიღო.
გარდა ამისა, ისრაელი ითხოვს, წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას მიეცეს მძევლების მონახულების საშუალება და იმუშავებს ამ მოთხოვნის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაზე.
ისრაელის მთავრობის ომის კაბინეტის გადაწყვეტილებითვე, ისრაელი არ შეაფერხებს ჰუმანიტარულ დახმარებას ეგვიპტიდან ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში მცხოვრები მოსახლეობისთვის - "სანამ ეს არის მხოლოდ საკვები, წყალი და მედიკამენტები. ნებისმიერი ტვირთი, რომელიც მიაღწევს ჰამასს, დაიბლოკება ისრაელის მიერ"- ნათქვამია გადაწყვეტილებაში.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.
იხილეთ ასევე: