"ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებში უხამსობის რეგულირება დაემატა.
ახალი პაკეტით მარეგულირებელ კომისიას უჩნდება ბერკეტი, რომ მედიაში გასული ნებისმიერი მასალა გამოაცხადოს უხამსად, ან არასრულწლოვნებისთვის საფრთხის შემცველ ინფორმაციად. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე კი, პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი ბექაურის მარეგულირებელი კომისია მედიას სანქციებს, მათ შორის ფინანსური ჯარიმებს, დაუწესებს.
კანონპროექტს უმრავლესობა დაჩქარებულად განიხილავს, ისევე როგორც ე.წ. კარვების კანონპროექტი განიხილა და მიიღო.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ აღნიშნული ჩანაწერი ბუნდოვანი და რეპრესიულია. მათივე თქმით, ახალი პაკეტი ხელისუფლების მორიგი მცდელობაა, რომ შეზღუდოს კრიტიკული მედიების ფუნქციონირება.
"ქართული ოცნება" ახალ ინიციატივას ევროკავშირის რეკომენდაციებით ხსნის.
"ოცნების" რუსული დაჯგუფების, "ხალხის ძალის" დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის მტკიცებით, მმართველმა პარტიამ ევროკომისიას სამი ვარიანტი შესთავაზა და კანონპროექტში ის ნაწილი შეიტანა, რომელიც ევროკომისიამ თავად ურჩია.
"ეს ცვლილება არის ევროკომისიიდან წამოსული ცვლილება. თუ ევროკომისია გვეუბნება, რომ რეპრესიები შევიტანოთ, ამ შემთხვევაში კითხვის ადრესატი ცოტა სხვა არის. თქვენ კარგად იცით, რომ ევროკომისიიდან არის წამოსული ეს რეკომენდაციები, რომელიც ჩვენ შეგვაქვს მაუწყებლის კანონში. იქ იყო სამი ვარიანტი, სამიდან რომელიც გვითხრა ევროკომისიამ ზუსტად იმ ცვლილებებს ვიღებთ", - ამბობს მაჭარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ უხამსობის რეგულირების შესახებ ჩანაწერი "ქართულმა ოცნებამ" გუშინ, ჩუმად შეიტანა. აღნიშნული ინფორმაცია წუხელ არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" [GDI] ხელმძღვანელმა, ედუარდ მარიკაშვილმა გაავრცელა.
საქართველოს პარლამენტმა "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით გუშინ დაამტკიცა.