სოფელ მაწევანთან, იმ ადგილას, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი დღეს დასრულდება, ექსპერიმენტი გუშინ დაიწყო და როგოც ადვოკატმა განაცხადა, ის 24 საათის განმავლობაში გაგრძელდებოდა.
ექსპერიმენტის მთავარი მიზანი ავტომანქანაში ტემპერატურის განსაზღვრა იყო. სწორედ ტემპერატურა უჩენდა ადვოკატს ყველაზე მეტ შეკითხვას.
ადვოკატის თქმით, ამ მოქმედების მიზანია დადგინდეს, მართლაც იყო თუ არა შესაძლებელი 4 დღის განმავლობაში, მოცემული ტენიანობისა და ჰაერის ტემპერატურის პირობებში ის დაზიანებები მიეღო ცხედარს, რომელიც მისი პოვნის შემდეგ, აღმოაჩინეს.
ოჯახს კი ექსპერიმენტისგან განსაკუთრებული მოლოდინები არ აქვს. ჯუმებრ ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ გამოძიება ამჯერადაც საკუთარი ვერსიის გამყარებას შეეცდება.
ექსპერიმენტში გამოიყენეს გარდაცვლილი პროგრამისტის მანქანის მსგავს ავტომობილი. პროცესს ბაჩალიაშვილების ოჯახთან და ადვოკატთან ერთად, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.