ნიკოლოზ ბასილაშვილს სისხლის სამართლის საქმეში ბრალი დაუმძიმდა - PHR

გამოქვეყნდა:

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ( PHR) აცხადებს, რომ პროკურატურამ მათი მოთხოვნა გაიზიარა და ჩოგბურთელ, ნიკოლოზ ბასილაშვილს სისხლის სამართლის საქმეში ბრალი დაუმძიმა. მათი განცხადებით, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით გამოიკვეთა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით განხორციელებულ არაერთი ფიზიკური ძალადობის ფაქტს. ამასთანავე, ნიკოლოზ ბასილაშვილი წლების განმავლობაში ახორციელებდა გენდერული ნიშნით სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას, რის შედეგადაც ნელი დოროყაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო ბრალდება ნიკოლოზ ბასილაშვილს  ედავება ნელი დოროყაშვილის მიმართ გენდერული ნიშნით სხვადასხვა დროს განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ოთხ ეპიზოდზე და სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას, - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ ბრალად წარდგენილი ეპიზოდების გარდა,  ფიზიკური ძალადობის რამდენიმე ინციდენტის შემთხვევაში გასულია სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, თუმცა მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ქმედებები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ძალადობის სისტემატურობისა და სიმძიმის შეფასებისას.

ცნობილი ჩოგბურთელის  ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომა 20 ოქტომბერს ჩაინიშნა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით, 24 მაისს დააკავეს, თუმცა წინასწარი პატიმრობიდან 100,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ბასილაშვილის წინააღმდეგ გამოძიება თავდაპირველად 126-ე  პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მის ოჯახის წევრზე ძალადობას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი