"ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი სამხედროების უსაფრთხოებისთვის... თავდაცვის უფლება გვაქვს და უყოყმანოდ გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯებს", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საუბრობს და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ბაზებზე თავდასხმას ეხმაურება.
ბოლო დღეებში ჩვენ ვიხილეთ სარაკეტო და დრონების შეტევა იმ ბაზებზე, რომლებშიც ჩვენი სამხედროები არიან განლაგებულნი ერაყსა და სირიაში. ამიტომ, ჩვენ შეშფოთებულები ვართ და ვთვლით, რომ არსებობს სერიოზული ესკალაციის პოტენციალი და შეტევები ჩვენს სამხედროებზე რეგიონის მასშტაბით გაძლიერდება. ამიტომ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი სამხედროები უსაფრთხოდ იყვნენ და ჩვენ გვქონდეს შესაბამისი პასუხის გაცემის შესაძლებლობები. ეს დამატებითი ძალების გადასხმა რეგიონში არის მესიჯი მათთვის, ვინც ცდილობს, რომ კონფლიქტის ზონა გააფართოვოს. ჩვენ გვაქვს თავდაცვის უფლება და უყოყმანოდ გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯებს, - ამბობს ოსტინი.
ცნობისთვის, აშშ ადანაშაულებს ირანს "ჰამასის" და "ჰეზბოლას" მხარდაჭერაში და, ზოგიერთ შემთხვევაში, თავდასხმების "აქტიურ ხელშეწყობაში".
ბოლო კვირაში რამდენიმე ინციდენტი მოხდა, როცა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე იერიში განხორციელდა.