
საქართველო თავისი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არავითარ დათმობას არ აპირებს - ასე ეხამაურება რუსეთის საგარეო საქმეთ მინისტრის განცხადებას, საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ თუ რუსეთს ურთიერთობების მოგვარება უნდა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უნდა შეასრულოს:
საერთაშორისო სამართლის პრინციპებით სიმართლე ჩვენ მხარესაა - ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული, ამიტომ თუ რუსეთს სურს რაიმე ტიპის ნორმალიზაცია, რასაკვირველია, პირველ რიგში, უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, გაიყვანოს თავისი ჯარისკაცები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, რა საკვირველია, საუბარი რაიმე ტიპის ნორმალიზაციაზე - აცხადებს არჩილ თალაკვაძე, თუმცა უშუალოდ ავიამიმოსვლის აღდგეანასთან დაკავშირებით არაფერს ამბობს
დაახლოებით იდენტურია პრემიერს სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობების საკითხში, ზურაბ აბაშიძის კომენტარიც. დიპლომატი ამბობს, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს შეთანხმება უნდა შეასრულოს, რაც შეეხება ავიამიმოსვლას, აბაშიძის თქმით, გასათვალისწინებელია ეპიდემიოლოგიური ვითარება. გარდა ამისა, აბაშიძე ამბობს, რომ ფერენები რუსეთმა შეწყვიტა და აღდგენაც მათი გადასაწყვეტია.
რუსული ავიაკომპანიებისგან ფრენების აღდგენაზე ოფიციალური განაცხადი არ მიგვიღია - ასეთი იყო ეკონომიკის მინისტრის გამოხმაურება ლავროვის გზავნილზე. მათი თურნავა ამბობს, რომ თუკი მსგავსი წინადადება იქნება ხელისუფლება ამას როგორც ტურიზმის განვითარების, ისე ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებითაც განიხილავს.
რაც შეეხება ოპოზიციას. ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელის გზავნილებს მთავარი ოპოზიციური პარტიები პოლიტიკურ ჭრილში განიხილავენ:
ის, რაც თქვა ლავროვმა წარმატებით დაადასტურა აბაშიძემ. თურმე ხელისუფლება, როდესაც გვეუბნებოდა, რომ ჩვენ ფრენები შევწყვიტეთ და მათ შორის რუსეთთან იმიტომ, რომ ჩვენს მოქალაქეებზე ვზრუნავთ, თურმე პირიქით, საერთოდ საპირისპირო სურათთან გვქონია საქმე... როგორც ეტყვის კრემლი, ქართული ოცნება მოიქცვა ისე - ამბობს "ენმ"-ს წევრი ხატია დეკანოიძე
ყველა განცხადება, რომელიც მოდის რუსეთის ოფიციოზისგან, მათ შორის ლავროვისგან, რომელიც საუბრობს იმაზე, რომ დიპ. ურთიერთობები უნდა აღდგეს საქართველოსთან და ურთიერთობები უნდა იყოს ნორმალიზებული, რეალურად გულისხმობს რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები და მოვაწეროთ ხელი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას" ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე.
შეგახსენებთ, რომ სერგეი ლავროვმა კრემილის გზავნილები დღეს კიდევ ერთხელ გაახმოვანა და "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში თქვა, რომ იმედი აქვს, საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა უახლესი მომავლის საკითხია.