ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას ეხმაურებიან.
ოპოზიციაში მბობენ, რომ "ოცნებასთან" შეთანხმების გარეშე "პატრიოტები" ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას ვერ შეძლებდნენ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე, "პატრიოტთა ალიანსს" ივანიშვილის სატელიტს უწოდებს და ამბობს, რომ ინაშვილი და თარხან მოურავო ოკუპირებულ ტერიტორიაზე სწორედ "ოცნების" დავალებით ჩავიდნენ.
პატრიოტთა ალიანსი ეს არის ღიად გამოხატული პრორუსული ძალა , რომელიც "ოცნების", ბიძინა ივანიშვილის პარტიის სატელიტს წარმოადგენს. რა საკვირველია ხელისუფლების გარეშე ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა, გადმოსვლა და შემდეგ ყოველგვარი თვითიზოლაციის ან კარანტინის გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა მიუთითებს, იმას, რომ ისინი ზუსტად "ქართული ოცნების" ხელშეწყობით და დავალებით იმყოფებოდნენ, - ამბობს დეკანოიძე
უცნაური ამბავია, რომ გადასვლა და ვიზიტი შედგა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქტი და წარმოუდგენელია როგორ შეიძლება მომხდარიყო ეს ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე, _ თქვა გიგი წერეთლმა.
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ბევრი კითხვები აქვს მმართველი გუნდის ყოფლ წევრს. თამარ ჩუგოშვილის თქმით, თუ ინაშვილი და თარხან მოურავი მართლაც იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საკითხავია არა მხოლოდ მიზეზი, არამედ, ის, თუ როგორ მოახერხეს იქ გადასვლა.
ცნობისთვის, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის ასისტენტს, ლაშა საკანიას შეხვდნენ. ინფორმაციას ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი ვეტერანების ორგანიზაცია „არუაა“ ადასტურებს.
მათი ინფორმაციით, შეხვედრა 18 აგვისტოს აფხაზეთის ტერიტორიაზე შედგა. ორგანიზაცია მოუწოდებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს დაადასტუროს, ან უარყოს ეს ინფორმაცია.
შეგახსენებთ, რომ "პატრიოტების" აფხაზეთში გადასვლის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 20 აგვისტოს "მთავარმა არხმა" გაავრცელა.