ენზელ მკოიანის ძმაზე თავდასხმასთან დაკავშირებით "შინაგან საქმეთა სამინისტრომ" გამოძიება დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობის, სხეულის მძიმე დაზიანების, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით, ასაფეთქებელი ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სხვა მოწყობილობის ან ნივთიერების გადატანას, განთავსებას, გასროლას, აფეთქებას ან სხვა მოქმედებას გულისხმობს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეწთით ისჯება.
შეგახსენებთ, რომ "ოცნების" დეპუტატის მტკიცებით მის ძმას ჩაუსაფრდნენ და ავტომანქანის აფეთქება სცადეს. "მთავარ" არხთან სატელეფონო ინტერვიუში ენზელ მკოიანი ამბობს, რომ ეს არის იმ მუქარის ასრულება, რომელსაც მისივე მტკიცებით, ბოლო პერიოდში ის იღებს.
მკოიანმა მუქარის შესახებ პირველი გაბნცხადება 10 აგვისტოს გააკეთა და თქვა, რომ ვინმე "ვასილი და ვანია" ფეისბუქ Messenger-ით დაუკავშირდნენ და მოსთხოვეს პოლიტიკიდან წასულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში საყვარელ ადამიანს წაართმევდნენ. 4 დღის შემდეგ კი ტელეფონით დაურეკეს და 5 მლნ აშშ დოლარის კონკრეტულ ანგარიშზე ჩარიცხვა მოსთხოვეს, უარის შემთხვევაში კი მოკვლით დაემუქრნენ.