ენზელ მკოიანისა და მისი ძმის სახლი დღეს ჟურნალისტებისთვის დაკეტილი იყო. ქართული ოცნების ჯერ კიდევ მოქმედი დეპუტატის ოჯახის წევრებმა არ ისურვეს საუბარი მუქარაზე, რომელიც გაურკვეველი პირებისგან მიიღეს. ამ საკითხზე დღეს მხოლოდ ადვოკატმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
პარლამენტის მაჟორიტარ-დეპუტატს, პირველად 20 ივლისს ვინმე ვასილი და ვანია ფეისბუქ Messenger-ის საშუალებით დაუკავშირდნენ და მოსთხოვეს, რომ პოლიტიკიდან წასულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში საყვარელ ადამიანს წაართმევდნენ. 4 დღის შემდეგ კი ტელეფონით დაურეკეს და 5 მლნ აშშ დოლარის კონკრეტულ ანგარიშზე ჩარიცხვა მოსთხოვეს, უარის შემთხვევაში კი მოკვლით დაემუქრნენ.
ენზელ მკოიანი, მისი იარაღით სირბილის ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ რომ ხელისუფლების თავის ტკივილი გახდა, ეს მმართველ პარტიაში აშკარად იციან. ამის გამო ის მომდევნო რჩევნებზე კნდიდატად აღარ დაუსახლებიათ.
სავარაუდოდ, სწორედ მისი მოშორების მიზეზით მუქარის ფაქტზე გამოძიება რეგიონულმა პოლიციამ დაიწყო და არა გენერალურმა პროკურატურამ, როგორც ეს დეპუტატის შემთხვევაში უნდა მომხდარიყო.
ფაქტი, რომ შესაძლოა დეპუტატს ფულს სძალავდნენ, არ უკვირთ ახალქალაქში.
თანაპარტიელები, რომლებიც ახალქალაქის ინციდენტის დროს ენზელ მკოიანს თავგამოდებით იცავდნენ და ამართლებდნენ, ახლა დარწმუნებულები არიან, რომ დეპუტატი იტყუება და მოუწოდებენ, საკუთარი პიროვნების პოპულარიზაციას შეეშვას და სიცრუე არ გაავრცელოს.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს დღეს არ გაკვირვებიათ მკოიანზე მუქარა და შანტაჟი, თუმცა
ფიქრობენ, რომ სწორედ მკოიანის დაუსჯელობამ შექმნა რეგიონში უმძიმესი ვითარება, როცა დანაშაულისთვის პასუხს არავინ აგებს.
"ქართული ოცნების" მოქმედი წევრი ენზელ მკოიანი 2 დღის წინ, შაბათს გამოიკითხა, თუმცა მთავარი მტკიცებულება, დეპუტატის მობილური ტელეფონი ამოღებული არ არის. ახლა მკოიანი დახმარებისთვის საელჩოებს მიმართავს და ითხოვს კელი დეგნანთან შეხვედრას, რომ მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის გარანტია მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოუწევს რომ თანაგუნდელებს სახელმწიფო დაცვის დანიშვნა მოსთხოვოს.