გრიგოლეთიდან ფოთისკენ მიმავალი გზა მთელი ღამის განმავლობაში გადაკეტილი იყო. შეფერხება იყო თბილისი-ბათუმის მაგისტრალზეც. კენიიდან "ქართული ოცნების" დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის, ბაობაბები ჩამოვიდა. მათ ფოთის პორტი უკვე დატოვეს. ხეებს გზას საპატრულო პოლიცია უთავისუფლებდა, მათ ეხმარებოდნენ კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებიც.
ხუთზე მეტ სოფელს ღამით ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. გზებზე მოხსნილია სარეკლამო ბანერები და ბოძები. ოლიგარქმა ივანიშვილმა ხეების ნაწილი შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში გადაიტანა, ნაწილი კი თბილისში ჩამოდის.
გვიან ღამით შეიკრიბა ადგილობრივი მოსახლეობაც. ისინი პოლიციას დაუპირისპირდნენ და დაინტერესდნენ, თუ რატომ იყვნენ ჩართულნი სახელმწიფო უწყებები ოლიგარქის ხეების გადაზიდვაში.
"ხდება საგზაო ნიშნების დემონტაჟი და ეს არის ქვეყნის ცენტრალური მაგისტრალი და რატომ ხდება ეს ყველაფერი? ხდება იმისთვის, რომ რუსმა ოლიგარქმა, ბორენკა ივანიშვილმა, საკუთარ სახლში უსაფრთხოდ მიიტანოს ბაობაბის ხეები და ეს ხდება მაშინ, როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია; მაშინ, როდესაც რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ გადმოწიეს საზღვარი ოკუპანტებმა. ნაცვლად იმისა, რომ ამაზე იყვნენ ორიენტირებული, ჩვენ ვხედავთ, რომ უამრავი პოლიციელი არის აქ მობილიზებული და აქ არის მთელი ადმინისტრაციული რესურსი იმისათვის, რომ ბორენკა ივანიშვილის ხემ იმგზავროს უსაფრთხოდ," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ასევე ნახეთ: