გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 30-ზე მეტი სატვირთო მანქანა შევიდა.
როგორც გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის სააგენტოში (OCHA) განაცხადეს, 33-მა სატვირთო მანქანამ, რომლებსაც წყალი, საკვები და სამედიცინო საშუალებები გადაჰქონდათ, რაფაჰის სასაზღვრო პუნქტი გაიარეს.
21 ოქტომბრის შემდეგ რაფაჰის სასაზღვრო პუნქტით ღაზის სექტორში სულ 117 სატვირთო მანქანა შევიდა. გაეროს მონაცემების მიხედვითვე, მანამდე ტერიტორიაზე ყოველდღიურად 500-მდე სატვირთო მანქანა შედიოდა. როგორც OCHA-ში აცხადებენ, ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა უფრო დიდი მოცულობის დახმარება.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.
სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა. ამას გარდა, ისრაელმა ღაზას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა და ბლოკადა გამოაცხადა. "არ იქნება ელექტროენერგია, არ იქნება საკვები და საწვავი," - აცხადებდა ისრაელის თავდაცვის მინისტრი.