ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებენ, რომ გასული დღის განმავლობაში მათმა სამხედროებმა ღაზაში საჰაერო და სახმელეთო თავდასხმებისას "ჰამასის" 300 ობიექტზე მიიტანეს იერიში.
IDF-ის თქმით, მათ ტერორისტული დაჯგუფების ტანკსაწინააღმდეგო და სარაკეტო გამშვები პოზიციები, გვირაბების შესასვლელები და სამხედრო ობიექტები გაანადგურეს.
უწყება ასევე ამბობს, რომ სახმელეთო ოპერაციის დროს ისრაელის სამხედროებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც მრავალი ტერორისტი მოკლეს.
მათივე თქმით, დასავლეთ სანაპიროზე "ჰამასის" ერთ-ერთი დე ფაქტო ლიდერის, სალეჰ ალ-არურის, სახლი გაანადგურეს, რომელიც ქალაქ რამალას მახლობლად მდებარეობდა.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.