რუსთავის მერის სარჩელს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატები ეხმაურებიან. მათი თქმით, პროექტების მიხედვით, მაღალსართულიანი კორპუსების აშენება იმ სივრცეებში იგეგმება, რომლებიც დაბალი განაშენიანებისაა.
საკრებულოში მიიჩნევენ, რომ მათი აშენება ამ ზონებში დაუშვებელია და რუსთავის მერი ცდილობს, მსგავს პროექტებზე ხელმოწერა საკრებულოს წევრებს სასამართლოს გზით აიძულოს.
"ჩვენ მხარი დავუჭირეთ ყველა პროექტს, რომელიც აკმაყოფილებდა და მოქცეული იყო კანონის ფარგლებში. ამ შემთხვევაში ზონალობის ცვლილება ისეთ ზონებში, სადაც 4-სართულიანი მშენებლობის ნებართვაა და ირგვლივ საცხოვრებელი კორპუსები 4 სართულია, იქ 18-სართულიანი მშენებლობის ნებართვის გაცემაზე გვედავება. მიუღებელია ჩვენთვის ეს ფორმა და ესეთი მიდგომები. ქალაქის მერმა ჩვენ, პარტია "საქართველოსთვის" მოიხსენია როგორც დაჯგუფება და ეს მიმაჩნია, რომ ძალიან ცუდი ფაქტია და დაჯგუფება ვინ არის ამას ჩვენი ქალაქის მოსახლეობა 24 წლის არჩევნებზე გასცემს პასუხს," - ამბობს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია (პარტია "საქართველოსთვის").
რუსთავის საკრებულოს სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე, ვაჟა მორგოშია კი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი პროექტის ავტორი ნინო ლაცაბიძის ოჯახის წევრია და ამ პროცესში მერის პირად ინტერესს ხედავს. მისი თქმით, ამ მოწვევის საკრებულო "სანოტარო ბიურო" არ იქნება და საკითხები სიღრმისეულად იქნება განხილული.
"ბრიფინგი ეხებოდა მერის წარმომადგენლის, დავით მაღლაკელიძის ოჯახის მიწას, რომელიც ითხოვს დაბალი ინტენსივობის ზონაში, სადაც არის 4-5 სართულიანი სახლები, გამავლიანობა არის დაბალი, ითხოვს 14-სართულიანი ბინის აშენებას. ასევე არის კალაძის მეგობრის კომპანია "არქის", წულაიას კუთვნილი მიწა, რომელიც არასწორად შემოვიდა ქალაქში. ქალაქის ხარჯზე ითხოვს კოეფიციენტის მატებას," - ამბობს მორგოშია (ენმ).
შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ საკრებულოს ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ლაცაბიძე დღეს ბრიფინგზე ამტკიცებდა, რომ წერილობითი თხოვნის, ოფიციალური მიმართვისა და საჯარო განცხადების მიუხედავად, უწყება მერიის ინიციატივებს არ განიხილავს.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი