რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ საკრებულოს ოპოზიციური პარტიების ქმედებები სასამართლოში გაასაჩივრეს. საკრებულოში ოპოზიციური უმრავლესობაა, ლაცაბიძე კი ამბობს, რომ არაერთი წერილობითი თხოვნის, ოფიციალური მიმართვის, თუ საჯარო განცხადების მიუხედავად, უწყება მერიის ინიციატივებს არ განიხილავს.
"რუსთავის მერიის ორწლიან მცდელობებს, რომ "ნაციონალური მოძრაობისა" და პარტია "საქართველოსთვის" წევრებს, დეპუტატების ფუნქცია შეესრულებინათ და ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები განეხილათ, შედეგი არ მოჰყვა. არაერთი წერილობითი თხოვნის, ოფიციალური მიმართვის, თუ საჯარო განცხადების მიუხედავად, რუსთავის საკრებულოს უმრავლესობა, მავნებლური უმოქმედობის პოლიტიკას დღემდე აგრძელებს.
რუსთავის საკრებულოს უმრავლესობაში მყოფი "ნაციონალური მოძრაობისა" და პარტია "საქართველოსთვის" კოალიცია, უფრო დაჯგუფებას ვუწოდებდი, საკრებულოს რეგლამენტის უხეში დარღვევით აფერხებს, თვეობით აჩერებს, კომისიებიდან სხდომაზე არ გააქვს, არ იხილავს და დაუსაბუთებლად უკან აბრუნებს მერიიდან გადაგზავნილ, ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს", - ამბობს ლაცაბიძე.
უწყებამ ქალაქის სასამართლოში სარჩელი 27 ოქტომბერს შეიტანა.