დმანისის ყოფილ მერზე თავდასხმასთან დაკავშირებით, ენმ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და ადამიანის უფლებების კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს და მოუწოდებს, ეს შემთხვევა განიხილონ 2024 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო ძალადობრივი კამპანიის ნაწილად:
რამდენიმე საათის წინ, “რუსული ოცნების” ორგანიზებით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დმანისის მერობის კანდიდატს - გიორგი ტატუაშვილს თავს დაესხნენ. გიორგი არის ადამიანი, რომელმაც 2021 წელს არჩევნებში რეალურად მოიპოვა გამარჯვება და 2024 წლის არჩევნების წინ სწორედ მის სამაგალითოდ განეიტრალების მცდელობას აქვს ადგილი.
მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საქართველოში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს - განიხილონ ეს ღია პოლიტიკური ვენდეტა, როგორც რუსული კრიმინალური რეჟიმის მიერ 2024 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო ძალადობრივი კამპანიის ნაწილად.
მიუხედავად “რუსული ოცნების” მცდელობისა, მკაფიოდ გამოხატული, შეგნებული, კრიმინალური მეთოდებისა, ოპონენტებზე ღია თავდასხმებით დააშინოს ქართული საზოგადოება, საქართველო აუცილებლად იქნება თავისუფალი რუსული კრიმინალური მმართველობისგან, აუცილებლად გავა სამშვიდობოს, მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ხილულ მომავალში, გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო, ხოლო მოძალადეები სამართლიანი სასამართლოს წინაშე აგებენ პასუხს." ნათქვამია ენმ-ის განცხადებაში.
შეგახსენებთ, გიორგი ტატუაშვილს მანქანით გადადგილების დროს დღეს თავს დაესხნენ და ესროლეს. ტატუაშვილი შემთხვევით გადაურჩა მისი მისამართით ნასროლ ტყვიებს, რომლებიც მანქანას მოხვდა. ტატუაშვილი თავდასხმას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს და აცხადებს, რომ ამ ყველაფერში "ოცნებასთან" დაახლოებული პირები ზურაბ ოკმელაშვილი და კობა მენაბდიშვილი მონაწილეობდნენ.
იმის მიუხედავად, რომ ფაქტი ავტომობილში დაყენებულმა ვიდეორეგისტრატორმაც დააფიქსირა და ტატუაშვილმაც დაასახელა თავდამსხმელები, პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია. დმანისის პოლიციაში ტატუაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით დაიწყო - 236-ე და 187-ე მუხლებით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.