
28 ოქტომბერს მალტაში, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანს, არმენ გრიგორიანს შეხვდა.
უკრაინაში, სომხეთის საელჩოს გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს სომხეთსა და უკრაინას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და ხაზი გაუსვეს უკრაინის პრეზიდენტის პირველი შეხვედრის მნიშვნელობას სომხეთის პრემიერ ფაშინიანთან, რომელიც 5 ოქტომბერს გრანადაში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში შედგა.
საელჩოს ინფორმაციით, ანდრეი ერმაკმა მადლობა გადაუხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს, ანა ჰაკობიანს სექტემბრის დასაწყისში კიევში გამართულ სამიტზე მონაწილეობისთვის და უკრაინელი სკოლის მოსწავლეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის.
პრეზიდენტის შტაბის უფროსმა დაადასტურა უკრაინული მხარის ერთგულება სომხეთთან თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ, კერძოდ, ევროინტეგრაციის საკითხებზე- ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.
ერმაკისა და გრიგორიანის შეხვედრას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა. პუტინისა და ლავროვის რუპორი აცხადებს, რომ რუსეთის ამას "ერევნის მხრიდან დემონსტრაციულ ანტირუსულ ჟესტად განიხილავს".
„ვფიქრობ, ერევანში უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ დემონსტრაციულ ფლირტზე მათთან, ვინც აგრესიულად ეწინააღმდეგება რუსეთს და აქ სხვა განმარტება არ არსებობს და სამწუხაროა, რომ რესპუბლიკის დღევანდელი ხელმძღვანელობა მიზანმიმართულად, დაჟინებით ანგრევს ჩვენს ურთიერთობებს, რომელსაც თავად არც ისე დიდი ხნის წინ უწოდებდა ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს სომხეთის სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის“, - აცხადებს ზახაროვა