1-ელი ნოემბერი, 13 საათი და 25 წუთი - "ავერსის" კლინიკაში სასჯელაღსრულების მე-15 დაწესებულებიდან 6 პატიმარი გეგმიურ გამოკვლევებზე მიიყვანეს.
საბადრაგო სამსახურის ჯგუფის უფროსის მითითებით, მაგნიტო რეზონანსული კვლევის ჩასატარებლად თავდაპირველად ორი პატიმარი შეიყვანეს. დანარჩენი 4 კი საბადრაგო სამსახურის მანქანაში დარჩა და თავის რიგს ელოდებოდა, თუმცა მსჯავრდებულთა ნაწილის მესამე სართულზე აყვანიდან რამდენიმე წუთში, კლინიკის ეზოში განგაში გამოცხადდა.
სასჯელაღსრულების ავტომობილში, ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ დარჩენილმა 4-იდან სამმა პატიმარმა გაქცევა ისე მოახერხა, რომ არავის არაფერი შეუმჩნევია. მათ შორის არც საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებს რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ.
პროკურატურის ინფორმაციით, საბადრაგო სამსახურის უფროსმა ავტომობილში მყოფი მსჯავრდებულები ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე დატოვა, არ ჩაკეტა სპეციალური სატრანსპორტო საშუალების კარი და სანახევროდ ღიად დატოვა ფანჯარა. ამ ყველაფრით ისარგებლეს მსჯავრდებულებმა - ჩამოვიდნენ მანქანიდან და გაიქცნენ.
გაქცეულმა პატიმრებმა ავერსის კლინიკა ავტოსადგომის მხრიდან დატოვეს. ისინი გადაახტნენ რკინის კონსტრუქციას, ავიდნენ ნუცუბიძის ქუჩაზე და იქიდან მიიმალნენ. სწორედ ნუცუბიძეზე დაკარგა პოლიციამ გაქცეულების კვალი.
გაქცეულ პატიმრებს შორის იყო ნიკა თოიძე - მოზარდის დაჭრის ფაქტზე დაკავებული ახალგაზრდა რომლის საცხოვრებელი სახლი გაქცევის ადგილიდან 5 კმ-შია. თავდაპირველად იყო ვერსია, რომ ავერსიდან გაქცევის შემდეგ პატიმრები თოიძის სახლში სამარშრუტო ტაქსით მივიდნენ, თუმცა თოიძის დედა პირად საუბარში ამბობს, რომ შვილთან გაქცევის შემდეგ კომუნიკაცია არ ქონია.
"შაბათის მთავარის"ინფორმაციით, გაქცეული პატიმრები დედაქალაქიდან იმავე საღამოს გავიდნენ. ამაში კი ხელი არავის შეუშლია. პოლიციას ქალაქის გასასვლელები ჩაკეტილი არ ჰქონდა, ქუჩებში არ იყო რეიდები და გამსვლელ მანქანებს არავინ ამოწმებდა. შესაბამისად, მსჯავრდებულებმა ავერსის კლინიკიდან 50-კილომეტრის გავლა და წილკნამდე ჩასვლა შეფერხების გარეშე შეძლეს.
გაქცეული პატიმრები, რომ წილკანში იმალებოდნენ ამას ადგილობრივებიც ადასტურებენ . "მთავარი არხის" ინფორმაციით, წილკანში მასპინძელი გუჯა თათარაშვილი იყო. ის სასჯელს ქურდობისთვის იხდიდა და პატიმრობის კიდევ ორი წელი ჰქონდა დარჩენილი. თათარაშვილი დაკავებამდე წილკანში ცხოვრობდა და გაქცევის შემდეგაც ნიკა თოიძესთან ერთად იქ ჩავიდა. ღამე იქ გაათენეს, გათენების შემდეგ კი სახლის უკან, ტყეში იმალებოდნენ, თუმცა გაქცეული პატიმრის ბებია ამას უარყოფს.
გაქცეული ორი მსჯავრდებულის [ერთი თბილისიდან არც გასულა] დასაკავებლად, წილკანში პოლიციამ სპეცოპერაცია რომ ჩაატარა იციან ადგილობრივებმაც.
პატიმრებამდე , იუსტიციის სამინისტროს გენ.ინსპექციამ ბადრაგი დააკავა. ჯგუფის ის უფროსი, რომლის უყურადღებობითაც მსჯავრდებულებმა ისარგებლეს. პროკურატურის ინფორმაციით ივერი ნატრიაშვილი მობილურზე საუბრობდა, რა დროსაც პატიმრებმა გაქცევა მოახერხეს.
რატომ არ მოახდინა საბადრაგო ჯგუფის უფროსმა საკონტროლო გასროლა და რატომ ვერ შეაჩერა მსჯავრდებულები - ბრალდების მხარე ამტკიცებს რომ ნატრიაშვილს პატიმრების შესაჩერებლად არაფერი მოუმოქმედებია. პროკურატურის მოთხოვნით ივერი ნატრიაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
"მთავარს" წყარო სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან უყვება, რომ პრობლემა სისტემაშია. მისი მონაყოლით დეპარტამენტში არ არის ბადრაგების საკმარისი რაოდენობა და პატიმრების ეტაპირებაც ხშირად ბადრაგების ძალიან მცირე ჯგუფს უწევს. ამის გარდა, არის კიდევ არაერთი პრობლემა რის გამოც საბადრაგო სამსახურში მუშაობა არავის უნდა.
ხელისუფლება სისტემურ პრობლემას არ აღიარებს. შესაბამისად არც მის მოგვარებაზე ზრუნავს ვინმე. იუსტიციის სამინისტრო და მთელი სახელმწიფო მხოლოდ იმის მტკიცებით არის დაკავებული, რომ ციხეში კარგი მდგომარეობაა და რომ პატიმრების უფლებები დაცულია. კონკრეტულ შემთხვევაში კი მხოლოდ ერთი ბადრაგის დანაშაული გამოკვეთეს და დიდი ალბათობით გაქცეული პატიმრების საქმე ამით დაასრულეს.