ყაჩაღობა, თუ გავლენიანი ჯგუფების დაპირისპირება? | ვინ არის "ტყუპი" და რა კავშირშია ბედოიძე და ფარცხალაძე კრიპტოვალუტის სერვისცენტრში მომხდართან?

გამოქვეყნდა:

2023 წლის 30 ოქტომბერი - თბილისი ჭავჭავაძის გამზირი 37,  მოქმედების ადგილი კრიპტო სერვისი "ტონვექსი" - კადრები ანონიმურმა წყარომ ამ სერვისცენტრში იმ დღეს მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის მამტკიცებლად მოგვაწოდა. 

ვიდეო 17 საათსა და თითქმის 36 წუთზე იწყება. კადრში ჩანს ერთ ოთახში მყოფი რამდენიმე ადამიანი. ვიდეოს ხმა არ აქვს, შესაბამისად, რაზე ლაპარაკობენ ან კამათობენ უცნობია. მასალაში კი ძალადობა ან იარაღით მუქარა არ ჩანს.  წყაროს ინფორმაციით ყველაზე აქტიური - ის ვინც სულ მოძრაობს ოთახებს შორის, დავით ფეიქრიშვილი იგივე "ტყუპია". მიღებული ინფორმაციით იდენტიფიცირებულები  არიან სხვებიც - ოთახში იმყოფება დავით ფეიქრიშვილის  პირადი მცველი  ალექსანდრე ჩაფოძე, მისი რამდენიმე მეგობარი,   კრიპტო სერვის ცენტრის მენეჯერი, ტონვექსის  მთავარი მენეჯერი  და კიდევ რამდენიმე მომხმარებელი. 

 ფაქტია ეს არაა სრული ვიდეო. გამორიცხული არაა სადღაც მთლიანი ჩანაწერიც  არსებობდეს, თუმცა ამ ეტაპზე ის ხელმისაწვდომი არ არის.  ჩანაწერის  თუნდაც ეს პატარა მონაკვეთი კი საქმის მასალებში ჯერ არ დევს. გამოძიებას აქვს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები.

პროკურორის მტკიცებით 30 ოქტომბერს კრიპტო სერვის ცენტრ ტონვექსიდან 2 მილიონ ლარზე მეტი წაიღეს. პროკურატურამ რამდენიმე ადამიანს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა, მათ შორისაა, დავით ფეიქრიშვილი, თუმცა როგორც აღმოჩნდა "ტყუპი" და სხვები ქვეყანაში აღარ იმყოფებიან. ანუ, გამოძიება ამბობს რომ  30 ოქტომბერს საღამოს 6 საათისთვის ფეიქრიშვილი თბილისში იყო და სხვა პირებთან ერთად კრიპტო სერვის ცენტრი დააყაჩაღა, რამდენიმე საათში კი გაქრა. ქვეყანა უპრობლემოდ დატოვა, ან სულაც გაუშვეს და მისი დაკავება არც არავის უცდია. ფეიქრიშვილის ბრალთან დაკავშირებით ადვოკატი ბევრ საეჭვო გარემოებაზე საუბრობს. 

დავით ფეიქრიშვილი საზოგადოებაში რამდენიმე გახმაურებული საქმიდანაა ცნობილი. მას და მის ძმას გიორგის თბილისში ტყუპებად იცნობენ.  ფეიქრიშვილებს ყავთ ბევრი მოკავშირე და გავლენიანი მფარველები, ბოლო წლებში აქტიურად საუბრობდნენ რომ ტყუპები ბიზნეს- საქმიანობას ოთარ ფარცხალაძესთან ერთად ეწეოდნენ, თუმცა საჭირო მეგობრებთან ერთად,  მათ ყავთ მტრებიც. რამდენიმე წლის წინ იყო  მათი ლიკვიდაციის მცდელობაც. 

 რა მოხდა 30 ოქტომბერს - ერთ-ერთი ვერსიით, "ტონვექსის" საქმეც  ფეიქრიშვილის წინააღმდეგ შექმნილი დანაშაულია.  არაოფიციალური ინფორმაციით,  30 ოქტომბერს მომხდარი უფრო გავლენიან ჯგუფებს შორის დაპირისპირებაა ვიდრე კრიპტოსერვისის დაყაჩაღების საქმე. ამ დაპირისპირებაში კი  ერთ მხარეს ფეიქრიშვილები, ფარცხალაძე და სხვები არიან, მეორე მხარეს კი შს მინისტრის პირველი მოადგილე შალვა ბედოიძე, რომელსაც წყაროს მოწოდებული ინფორმაციით, ტონვექსში საკუთარი ინტერესები აქვს.  

ამავე ცნობით, ფეიქრიშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნით ბედოიძემ მას და მის მეგობრებს საკუთარი გავლენა აჩვენა. "მთავარის" წყაროს ცნობით, შალვა ბედოიძემ უკვე თავადაც დაიჯერა რომ მალე მინისტრი გახდება და შესაბამისად ქუჩის დალაგება დაიწყო. ფეიქრიშვილით კი ყველაზე ძლიერი ჯგუფის დასუსტებას შეეცადა. წყარო გვიმტკიცებს რომ ტონვექსის საქმე გაცილებით დიდი ომის საფუძველი გახდება, ამ შემთხვევაში კი ერთმანეთს უკვე ბედოიძე და ფარცხალაძე დაუპირისპირდებიან.   

გახდნენ თუ არა ძმები ფეიქრიშვილები ვინმესთვის ასეთი პრობლემა რომ ამ ფორმით დასაჯეს.  ამ შეკითხვაზე ადვოკატს პირდაპირი პასუხი არ აქვს. 

კრიპტო სერვის ცენტრის საქმეზე ამ ეტაპზე ორი პირია დაკავებული, ორივე პირადი მცველია - ალექსანდრე ჩაფოძე და ბეჟან ჩხეიძე. ჩაფოძე კადრებშიც ჩანს, ჩხეიძე არა. პირველი პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში სახლში დააკავა, მეორე კი პირველი რესპუბლიკის მოედანზე. ჩნდება კითხვა თუ მათ დანაშაული ჩაიდინეს რატომ არ წავიდნენ ქალაქიდან და რატომ მისცეს პოლიციას მათი დაკავების საშუალება. თავად ბრალდებულები ამტკიცებენ რომ ისინი უდანაშაულოები არიან და 30 ოქტომბერს კრიპტო სერვისცენტში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. 

ადვოკატები ამბობენ რომ საქმეში ბევრი საეჭვო გარემოებაა. ამ ეტაპზე მათთვის ყველაზე არასანდო დაზარალებული მხარეა. კომპანია ტონვექსი რომლის საქმიანობის კანონიერებასაც ისინი ეჭვქვეშ აყენებენ. იურისტებისთვის ასევე გაუგებარია არსებობდა  თუ არა საერთოდ ის 2 მილიონზე მეტი ლარი რომელიც სადავოა, ან თუ არსებობს, რა გზებით იყო ის საქართველოში შემოტანილი.

დაზარალებულ კომპანიასთან გაცილებით მეტი კითხვის ნიშანი აქვს დავით ფეიქრიშვილის ადვოკატს. გიორგი ანთაძე ამ ეტაპზე არ გამორიცხავს რომ ფეიქრიშვილი ტონვექსში საკუთარ საქმეზე ყოფილიყო მისული. კრიპტო სერვის ცენტს კი ახლა ამ ფაქტის დანაშაულად წარმოჩენა სურს. 

კრიპტო სერვის ცენტრი  ტონვექსი - ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერია, რომელსაც უკრაინელი და ქართველი დამფუძნებლები ყავს. მუშაობის ლიცენზია ჯერ არ აქვთ. დირექტორმა  გვითხრა რომ მოთხოვნა ახლახანს გააკეთეს, რადგან შესაბამისი კანონი მხოლოდ ზაფხულში ამოქმედდა. 

ტონვექსის დაზარალებულ თანამშრომლებთან დასალაპარაკებლად კრიპტო სერვისში ჩვენ რამდენჯერმე ვიმყოფებოდით, თუმცა კომენტარზე არავინ დაგვთანხმდა. მოგვიანებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ისურვა კომპანიის დირექტორმა, რომელიც მომხდარის დროს ოფისში არ იმყოფებოდა.

ყველა დეტალი და ყველა მტკიცებულება უკვე მოსამართლესთან გაირჩევა. თბილისის საქალაქო სასამართლოში ბოლო პერიოდის ყველაზე მასშტაბური და ამავდროულად ყველაზე საეჭვო ყაჩაღობის არსებითი განხილვა 25 დეკემბრიდან დაიწყება. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი