ბუნდოვან ვითარებაში დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის დედა ამბობს, რომ პროკურატურა საქმის რამდენიმე მოწმეს ხელახლა გამოკითხავს.
თეონა თამაზაშვილმა, რომელიც ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან ერთად პროკურატურაში იმყოფებოდა, განმარტა, რომ საქმის დამატებითი დეტალების გაცნობა დღეს ვერ მოასწრეს. თუმცა, მათი მოთხოვნა თვითმკვლელობის მუხლის გადაკვალიფიცირებასთან და მოწმეების ხელახლა დაკითხვასთან დაკავშირებით კვლავ ძალაშია.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის ახალგაზრდა თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.