
ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებენ, რომ "ჰამასის" რამდენიმე მებრძოლი, მათ შორის, ე.წ. ნუხბას ელიტური წევრები მოკლეს. უწყების ცნობით, ისინი 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდნენ.
IDF ამბობს, რომ მოკლულთა შორისაა "ნუხბას" ასეულის მეთაური აჰმედ მუსა და ოცეულის მეთაური ამრ ალჰანდი. მუსა ოქტომბერში ხელმძღვანელობდა თავდასხმას ზიკიმის ბაზაზე, ახლომდებარე კიბუცზე და სხვა სამხედრო ობიექტებზე.
IDF-ის თქმით, ოპერაციები სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე განხორციელდა.
7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.
სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.