
ოპოზიციური პარტიები დღეს, 24 აგვისტოს, ლეიბორისტული პარტიის ოფისში დეკლარაციას გააფორმებენ. ხელისუფლების ოპონენტი პოლიტიკური გაერთიანებები თანხმდებიან, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ყველა პარტიის ამომრჩეველთა ხმებს დაიცავენ და თითოეული ხმისთვის თანაბარი მონდომებით იბრძოლებენ.
გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და დარჩა მხოლოდ ტექნიკური საკითხი, ხელმოწერა. ის ლოზუნგი, რომელიც მოქმედებდა მთელი ამ წლების განმავლობაში, "ყველა ერთის წინააღმდეგ", იქნება დოკუმენტურად გაფორმებული, - ამბობს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე.
"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ანზორ ბიწაძის თქმით კი დეკლარაციაზე ხელმოწერით, ყველა ოპოზიციური პარტია იღებს პასუხისმგებლობას, დაიცვან ერთმანეთის ხმები, რათა ხელისუფლებას არ მიეცეს არჩევნების შედეგებით მანიპულირების საშუალება.
ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი და ხელს აწერს ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია, გარდა იმ ორგანიზაციებისა, რომლებიც ოცნებობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის სატელიტები იყვნენ, - აღნიშნა ბიწაძემ.
შეგახსენებთ, რომ 30 ოპოზიციური პარტია ერთობლივ დეკლარაციაზე 18 აგვისტოს შეთანხმდა. შეთანხმების მიზანია კოორდინირებული მუშაობა და არჩევნების გზით მოქმედი ხელისუფლების შეცვლა.