"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ერთი წლის წინანდელი დაპირება, რომ სტატუსის მიღების შემდეგ საარჩევნო ბარიერი დაიწევდა, როგორც ჩანს, არ შესრულდება. კობახიძემ 2022 წელს თქვა, რომ მას შემდეგ, რაც დეკემბერში ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებდა, მიიღებდნენ კანონს, რომ 2024 წლის და შემდეგი არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით, 2%-იანი ბარიერით ჩატარებულიყო.
"ოცნების" დეპუტატები დღეს ამბობენ, რომ სტატუსის მისაღებად ოპოზიციამ ხელისუფლებასთან არ ითანამშრომლა, შესაბამისად, ბარიერის დაწევის დაპირება ძალაში აღარაა.
"2022 წელს ბატონი კობახიძის მიერ დასახელებულ იქნა კონკრეტული გარემოებები რომლის შედეგად შეიძლებოდა საუბრის დაწყება, მაგრამ ჩვენ რა ვნახეთ, ჩვენ ვნახეთ ის, რომ არა თუ დეპოლარიზაციისკენ გადადგეს ნაბიჯი რადიკალმა ჯგუფებმა, პირიქით, გააჩაღეს პოლარიზაცია, არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქვეყანას სტატუსი მიეღო. ეს ადამიანები, ვინც მოლოტოვის კოქტეილით დარობდა და ცეცხლს უკიდებდა საკუთარ ქვეყანას ახალ ჩვენ გავუღოთ კარები და ოფიციალურად შემოვუშვათ პარლამენტში, რომ მოლოტოვის კოქტეილები ისროლონ სხდომათა დარბაზში. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი არის დახურული, ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა აღარ გაიმართება", - თქვა ალუდა ღუდუშაურმა.
დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ სწორება კეთდებოდა 2022 წლის დეკემბერზე და რომ ოპოზიციამ არა თუ შეამცირა რადიკალიზაცია, არამედ რევოლუციური სცენარების დაგეგმვას ცდილობდა:
"შესაბამისად, პირობა, რომელიც იყო დასმული ოპოზიციის მხრიდან არ შესრულდა. მესიჯბოქსი ვინც მოგაწოდათ, გააქტიურდეს თემა ამ მიმართულებით, უნიადაგოა, საფუძველი არ აქვს".
კონსტიტუცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების 5%-იანი ბარიერით ჩატარებას ითვალისწინებს. ოპოზიციის უდიდესი ნაწილი ფიქრობს, რომ ბარიერი უნდა დაიწიოს.
პარტია "საქართველოსთვის" ფიქრობს, რომ "ოცნებას" ბარიერის დაწევა თავადაც აწყობს, თუ დარწმუნებული იქნება იმაში, რომ პარლამენტში საკუთარი სატელიტი პარტიების შეყვანას მოახერხებს.