უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. არსებული ინფორმაციით, 3 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. გუშინ "ქართულმა ლეგიონმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაჭრილი იყო 9 მებრძოლი.
"მე როგორც ველაპარაკე სამხედრო ჰოსპიტლის ხელმძღვანელს, მითხრა, რომ დასტაბილურებულია [დაჭრილების მდგომარეობა], ანუ ბიჭები გადარჩებიან, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი.
მძიმე კონტაქტური ბრძოლებია მთლიანად ფრონტის ხაზზე და შეტევითი ოპერაციები განსაკუთრებულად მძიმეა. იმიტომ, რომ მთელი პოტენციალის გამოყენება გვიწევს და, სამწუხაროდ, აი, ასეთი ფაქტით დასრულდა ბოლო შეტევა," - ამბობს "ქართული ლეგიონის" მეთაური, მამუკა მამულაშვილი.
რაც შეეხება დაღუპულ ჯარისკაცებს, ჯერჯერობით უცნობია როდის გადმოასვენებენ სამშობლოში რამაზ ფეტელავას და ბექა ლომაშვილს. თანამებრძოლები ახლა მათი ცხედრების ფრონტის ხაზიდან გამოყვანას ცდილობენ.
ორივე ქართველი მებრძოლი დონეცკის მიმართულებაზე, შეტევითი ოპერაციის დროს დაიღუპა. ისინი "ქართული ლეგიონის" შემადგენლობაში ირიცხებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე რუსი ოკუპანტების სამხედრო აგრესიას 50-ზე მეტი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
ასევე ნახეთ: