გიდები რეგულაციების მოლოდინში - შატილის ტრაგედიის შემდეგ, საზოგადოება კანონის გამკაცრებაზე ალაპარაკდა

გამოქვეყნდა:

"საქართველოს გიდების ასოციაციის" წარმომადგენლის, რუსუდან ჯაფარიძის თქმით, არ არსებობს კანონი, რომელიც ტურისტულ კომპანიებს რაიმეს აუკრძალავს, დაავალდებულებს ან თუნდაც დააჯარიმებს.

ჯაფარიძე ტურიზმის სფეროში არსებულ რეგულაციებზე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" საუბრობს და განმარტავს, რომ არ არსებობს კონკრეტულად გაწერილი კანონი და ყველაფერი მხოლოდ ტურისტული კომპანიების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული.

დეტალურად გაწერილი კანონი არ არსებობს, სადაც გაწერილი იქნება, რომ შენი მძღოლი უნდა იყოს აუცილებლად გარკვეული გამოცდილების, მისი ტრანსპორტი აუცილებლად ტექნიკურად დათვალიერებული უნდა იყოს და რომ უნდა ემსახურებოდეს ავტოპარკი, რომელიც მუდმივად იზრუნებს დეტალების განახლებაზე. არ შეიძლება გაცვეთილი საბურავებით და ხუნდებით მთაში წასვლა, ეს ხომ უნდა მოწმდებოდეს,- ამბობს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, სატრანსპორტო სფეროს ექსპერტები გახშირებულ ტრაგიკულ ავტოსაგზაო შემთხვევებზე მთავარ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. ისინი "მთავარ არხთან" უსაფრთხოების ნორმების იგნორირებასა და სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო მეთვალყურეობაზე საუბრობენ. 

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე  სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე, რომლებიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, ორი მათგანი რეანიმაციაშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

ტრაგედიის გამო 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი