ახალი ბრალდებულები შაქარაშვილის საქმეში? - გამოძიების ვერსია უცვლელია

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის საქმეში, შესაძლოა, ახალი ბრალდებულები გაჩნდნენ. პროკურატურა აანონსებს, რომ არ არის გამორიცხული ბრალი სხვა პირებსაც წაუყენონ, მაგრამ ირკვევა, რომ ეს არ შეცვლის გამოძიების ვერსიას და ბრალის წარდგენა არა მკვლელობის, არამედ სხვა მუხლით მოხდება. პარალელურად, დღეს სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა 11 სრულწლოვანი ბრალდებული. მათი ნაწილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ერთ-ერთი ბრალდებული და მისი ოჯახი კი კვლავ გარდაცვლილის ბიძის, საგამოძიებო უწყების შეთქმულებასა და საქმის გაყალბებაზე საუბრობს.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თერთმეტივე სრულწლოვანი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. თითქმის 3-თვიანი გამოძიების შემდეგ კი დღეს ცნობილი გახდა, რომ, შესაძლოა, საქმეში ახალი ბრალდებულები და ახალი მუხლი გაჩნდეს. ამის შესახებ დღეს საქმის პროკურორმა ისაუბრა და განმარტა, რომ ამ მიმართულებით გამოძიება უკვე მუშაობს. 

გამოძიებას ერთ-ერთი ბრალდებულის ოჯახი არ ენდობა. დღეს ნიკოლოზ რევაზიშვილის დედა ამტკიცებდა, რომ საქმეს საგამოძიებო უწყებებთან ერთად მოკლული გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე აყალბებს და რეალურ მკვლელს ხელს სწორედ ის აფარებს. ოჯახის ამ ბრალდებას ნიკოლაძემ არასერიოზული უწოდა. დედას, ბრალდების მხარემაც უპასუხა და თქვა, რომ საქმეზე გამოძიება ობიექტურად მიმდინარეობს. 

გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურორებს დღეს თავად ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე მიმართა. ნიკოლოზ რევაზიშვილი ამბობს, რომ მისი მობილურიდან წაშლილია ყველა ის მონაცემი, რომელიც მის უდანაშაულობას ამტკიცებს. რევაზიშვილი ამაში გამომძიებლებს ადანაშაულებს. ახლა რევაზიშვილი ითხოვს, რომ ბრალდების მხარემ განადგურებული მასალა აღადგინოს.

დაკავებულების უფლებადამცველების უნდობლობას თბილისიდან მცხეთაში მივლინებული მოსამართლეც იწვევს. დღეს ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ ეკატერინე კულუაშვილი პროცესზე მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად მიავლინეს. ამის გამო უფლებადამცველებმა სასამართლოზე კულუაშვილის აცილების საკითხი დააყენეს, თუმცა ამ შუამდგომლობას არც პროკურატურა და არც თავად მოსამართლე დაეთანხმა. 

ადვოკატებმა დღეს უარი მიიღეს კიდევ ერთ შუამდგომლობაზე - გაიყოს საბურთალოელი და ნახალოვკელი ბრალდებულების საქმე, პროკურატურამ უფლებადამცველების ამ მოთხოვნაზე უარი საქმის გაჭიანურების მოტივით ახსნა.

მესამე უარი უფლებადამცველებს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უთხრა. ადვოკატები დაკავებულების გათავისუფლების სანაცვლოდ გირაოს სახით 5-დან 50 000 ლარამდე სთავაზობდნენ. თუმცა მოსამართლის უარის შემდეგ ნახალოვკელებიც და საბურთალოელებიც პატიმრობაში დარჩნენ.

პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

რაც შეეხება დამძიმებულ ბრალს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.  ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შაქარაშვილის საქმეზე ჯამში დაკავებული 17 პირია.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი