ცვლილებებით შეიზღუდება მასობრივი ინფორმაციის თავისუფლება - სამოქალაქო სექტორი მაუწყებლის კანონზე

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაციები მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს კრიტიკულად აფასებენ. სამოქალაქო სექტორის განმარტებით, შემოთავაზებული ცვლილებები ეწინააღმდეგება კონსტიტუციით განმტკიცებულ ცენზურის დაუშვებლობას.

ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ საკანონმდებლო ინიციატივა ბუნდოვან შეზღუდვებს აწესებს, რაც საფრთხეს უქმნის მედიის თავისუფლებას. 

ერთი შეხედვით, ცვლილება დაკავშირებულია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან, როგორებიცაა სუიციდი, ძალადობის გაშუქება, ნარკოტიკები, აზარტულ თამაშები და სექსუალური სცენები.  თუმცა, ახალ რეგულაციებში გამოყენებულია არაერთი ბუნდოვანი ტერმინი („სოციალიზაციის ხელშეწყობა“, „შეუფერებელი პროგრამა“, „შეურაცხმყოფელი ლექსიკა“ და სხვა), რომელთა განსაზღვრაც რთული, სუბიქტური და შეფასებითია.  შემოთავაზებული ნორმებით იზღუდება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების და ცენზურის დაუშვებლობის ძირითადი უფლება. გარდა ამისა, შეზღუდვა ბუნდოვანია და იძლევა მედიის კონტროლისა და ცენზურის მნიშვნელოვან შესაძლებლობას. გამოხატვის თავისუფლების ამგვარი შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი მკვეთრად ჩამოყალიბებული უნდა იყოს და ამართლებდეს იმგვარ უზენაეს ღირებულებას, როგორიც ბავშვთა დაცვა და კეთილდღეობაა, - წერია განცხადებაში.

სამოქალაქო სექტორი მოუწოდებს პარლამენტს, არ მიიღონ საკანონმდებლო ინიციატივა, რადგან შემოთავაზებული ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს ბავშვთა ინტერესების სათანადოდ დაცვას.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  • ფემინა
  • განათლებისა და შრომის ასოციაცია
  • სოლიდარობის ფონდი „ფემინა“
  • თანასწორობა 17
  • რეალური ხალხი და რეალური ხედვა
  • მედიაკლუბი
  • მაია ცირამუა (ბავშვთა ფსიქოლოგი)

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ შეიმუშავა მაუწყებლის კანონში შესატანი ცვლილებები, რომელთა მიხედვით, მედიასა და ინტერნეტში ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი შინაარსის მასალების გავრცელება შეიზღუდება.

მედიის წარმომადგენლების დიდი ნაწილი კანონპროექტს ცენზურის დაწესების მცდელობად აფასებს და ახალი რეგულაციების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.

მაუწყებლების ერთობლივი მიმართვა მარეგულირებელ კომისიასა და სოფიო კილაძეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი