მესამე დღეა, მთელი საქართველო დაღუპულებს გლოვობს. ამ მძიმე წუთებში გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, ინტერვიუზე ერთადერთი მოტივით დაგვთანხმდნენ - თავიდან ააცილონ სხვებს მსგავსი ტრაგედია. მოითხოვენ, უმკაცრესად დაისაჯოს დამნაშავე, ვინც მგზავრთა უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი. გარდაცვლილი დავით სისაურის შვილი გვიყვება, რომ Traveler.ge-მ არც ის იცოდა, რა ნომრიანი მიკროავტობუსით გაუშვეს ტურისტები შატილში.
ძმასთან ერთად შატილში მარიამ ყაჭიურიც უნდა წასულიყო. გვიან ღამით გაიგეს, რომ მხოლოდ ერთი ადგილი იყო დარჩენილი. ტურში 26 წლის ნიკოლოზი წავიდა..
Traveler.ge უკვე წლებია ტურისტებს ემსახურება, თუმცა სწორედ მომსახურებასთან აქვს უმეტესობას პრეტენზია. მათ შორის გაუმართავ ტრანსპორტსა და პირობების შეუსრულებლობზე. განსაკუთრებით ბევრი კომენტარი გავრცელდა სოციალურ ქსელში, 23 აგვისტოს ტრაგედიის შემდეგ. უკმაყოფილო ადამიანები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ შარშანაც და ორი წლის წინაც.
ტურიზმი Traveler.ge-ის ერთადერთი საქმიანობა არ ყოფილა. როგორც გაირკვა, მსურველებს ალუჩების, ბოსტნეულისა და სხვა პროდუქტების მიწოდების სერვისსაც სთავაზობდა. სოციალურ ქსელში კომპანიის ამ მომსახურებითაც უკმაყოფილო არაერთი მომხმარებელის კომენტარია გავრცელებული. განსაკუთრებით დიდი გამოხმაურება ალუჩებს მოჰყვა.
Traveler.ge-ის ხელმძღვანელობა ამ დრომდე არ აკეთებს კომენტარს. შალვა ბოლოთაშვილმა მხოლოდ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერს, რომ მომხდარი ტრაგედიით განადგურებულია.
ამ დრომდე გაურვეველი რჩება, იყო თუ არა გამართული ის მიკროავტობუსი, რომლითაც შატილში 20 ადამიანი გაემგზავრა. მგზავრების რაოდენობა კითხვებს უჩენს ექსპერტებს. მათი განმარტებით, ამ ტიპის მიკროავტობუსში მაქსიმუმ 16 ადგილია.
სპეციალისტები ყურადღებას გაუმართავ გზებსა და უასფრთხოების პრობელემებზეც ამახვილებენ. მათი შეფასებით, უნდა შეიცვალოს სატრანსპორტო პოლიტიკა.
ტრაგედიას 20 მგზავრიდან 3 გადაურჩა, თუმცა ისინი ახლა სიცოცხლისათვის იბრძვიან. მათი მდგომარეობა ისევ კრიტიკულად მძიმეა, მცირე გაუმჯობესებით..
შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე, რომლებიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სამივე მათგანი რეანიმაციაშია მოთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
ტრაგედიის გამო 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.