უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კუპიანსკში ფრონტის ხაზზე ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის Telegram არხი ავრცელებს.
ფრონტის ხაზზე ზელენსკი ჯარისკაცებს შეხვდა და მედლებით დააჯილდოვა. შეხვედრას უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალი, გენერალი ალექსანდრ სირსკიც ესწრებოდა.
„კუპიანსკის მცველების ფრონტის ხაზის სამეთაურო პუნქტი. დიდი პატივია ჯარისკაცების მონახულება და მათთვის ჯილდოების გადაცემა.
კუპიანსკის ფრონტზე მებრძოლები უკრაინელების, ხარკოვის ოლქში მცხოვრებლების მშვიდობიან ცხოვრებას იცავენ. მადლობას ვუხდი ჯარისკაცებს ამ სამსახურისთვის და ჩვენი ქვეყნის დაცვისთვის! გისურვებთ გამარჯვებასა და ძალას", - მიმართა ზელენსკიმ ჯარისკაცებს.
შეგახსენებთ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი გუშინ ჯარისკაცებს ოდესის რეგიონში შეხვდა.