
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, "ევროპული საქართველო" კოალიციას "ნაციონალურ მოძრაობასთან" მხოლოდ წინაპირობების გარეშე შექმნის.
როგორც სამადაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა, "ნაციონალური მოძრაობის" განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატად განიხილება, პარტიის პოლიტიკური განაცხადია და არა წინაპირობა.
ჩვენ არასდროს არანაირი წინაპირობა არავისთვის არ წაგვიყენებია და არასოდეს გვითხოვია "ევროპული საქართველოსთვის" ან ნებისმიერი სხვა პარტიისთვის, რომ მხარდაჭერა წინასწარ განეცხადებინათ ჩვენთვის... როდესაც ბატონი უგულავას პარტიის თავმჯდომარე, ბატონი ბაქრაძე აცხადებს, რომ არსებობენ ადამიანები, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მთავრობაში არ უნდა იყოს, ეს არის სწორედ წინაპირობა. "ნაცონალური მოძრაობის" განაცხადი კი, რომ ჩვენი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი არის პრემიერმინისტრობის კანდიდატი ამ არჩევნებში, ეს არ არის წინაპირობა, ეს არის პარტიის პოლიტიკური განაცხადი, - ამბობს სამადაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავამ თქვა, რომ მიხელ სააკაშვილის მიმართ კონკრეტული პრეტენზია აქვს: "გამოვიდა და თქვა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა გაიმარჯვოს ერთპიროვნულად. ჩვენი ბრძოლა არ არის ერთპიროვნული პარტიული გამარჯვებისთვის. ჩვენი ბრძოლა არის კოალიციური მმართველობისთვის".