როგორ იყიდება საქართველოს ბინადრობა რუსებზე? "მთავარი არხის" ჟურნალისტური ექსპერიმენტი ადასტურებს, რომ ამ უფლებას რუსეთიდან ჩამოსულ პირები ფულის სანაცვლოდ ყიდულობენ და სავარაუდოდ სქემა არალეგალურად, იუსტიციის სახლის კონკრეტული თანამშრომლების ხელშეწყობით ფუნქციონირებს.
ჩვენ დავუკავშირდით ერთ-ერთ შუამავალ კომპანიას, რომელიც რუს მიგრანტებს საქართველოს ბინადრობის ნებართვას და შემდგომ უკვე მოქალაქეობის მიღებას სთავაზობს. საბოლო ჯამში რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მიღება სულ რაღაც 5500 დოლარი უჯდებათ.
სატელეფონო საუბრისას "მთავარი არხის" კორესპონდენტი შუამავალს გაეცნო როგორც საქართველოს ბინადრობით დაინტერესებული რუსეთის მოქალაქე. შუამავალმა კი სატელეფონო საუბარში დეტალურად ისაუბრა რა სქემით მუშაობენ და უთხრა, რომ "შიგნიდან ეხმარებიან", თუმცა არ დააკონკრეტა ვინ და საიდან:
- მოქალაქეობის მიღების თაობაზე დეტალები მაინტერესებს. თქვენ იურისტი ხართ, ხომ?
- დიახ, თქვენ ბინადრობის უფლება გაინტერესებთ თუ მოქალაქეობა?
- მე გრძელვადიანი გეგმები მაქვს, ამიტომ ჯერ ბინადრობა და შემდეგ მოქალაქეობა.
- რა საფუძველი გაქვთ ბინადრობის მოთხოვნისთვის? მეუღლე გყავთ აქ, უძრავი ქონება თუ რა?
- უძრავი ქონება მაქვს. ვიცოდი, რომ ბინა უნდა მეყიდა.
- რა ფასად?
- ასი ათას დოლარზე მეტად.
- თქვენ მფლობელი ხართ ამ ბინის?
- დიახ.
- ჩვენ დაგვჭირდება ამონაწერი იმის შესახებ, რომ თქვენ ხართ ამ ბინის მფლობელი. ეს იუსტიციის სახლში კეთდება. ასევე აუდიტორული შეფასება აუცილებლად. ამის გარეშე ვერ მოხდება. ეს გააკეთეთ და დასაწყისისთვის მომწერეთ თქვენი საზღვარგარეთის პასპორტის ნომერი. თქვენ რუსეთის მოქალაქე ხართ?
- დიახ, რუსეთის მოქალაქე ვარ.
- საქართველოს ტერიტორიაზე რამდენი ხანია რაც იმყოფებით?
- 2022 წლის შემდეგ.
- ანუ ჯერ ერთი წელი არ გასულა?
- არა, ჯერ არა.
- კარგი, უბრალოდ ყველა დეტალი მაინტერესებს. ამის შემდეგ ბანკში ცნობა უნდა აიღოთ, რომ ანგარიშზე მინიმუმ 6 000 ლარი გიდევთ და ამ ფულს დებთ დეპოზიტურ ანგარიშზე. ანუ არსებობს ე.წ. შემნახველი ანგარიში, რომლიდანაც არც ერთ თეთრს არ იღებთ. ცნობა უნდა მოგცენ ქართულ ენაზე, სატიტულო ფურცელზე. შემდეგ ფოტოს გავაკეთებთ.
- მე მაინტერესებს, თქვენ უკვე დიდი ხანია ამ საქმით ხართ დაკავებული, ხომ? ვინც თქვენი ტელეფონი მომცა,იმ ქალმა მითხრა, რომ თუ საქმეს ხელს კიდებთ, რაღაც გარანტიებს იძლევით. თქვენ ბევრს დაეხმარეთ ასე?
- დიახ, რა თქმა უნდა.
- და მაინც მაინტერესებს, რამდენი დადებითი შედეგი იყო.
- უხეშად რომ დავითვალოთ, ათიდან რვა და ის ორიც ჩვენი ბრალი არ იყო.
- ანუ ათიდან რვამ მიიღო ბინადრობის უფლება საქართველოში, ხომ?
- დიახ, დიახ.
- რთული პროცედურაა?
- დიახ, ცოტათი რთულია, მაგრამ ჩვენ შიგნიდან გვეხმარებიან.
- უკაცრავად, შიგნიდან გვეხმარებიანო, თქვით?
- დიახ.
- ესე იგი, იუსტიციის სახლიდან? რამდენი უნდა გადავიხადო?
- ოლგამ ალბათ გითხრათ უკვე ეს.
- 5 500 დოლარი, ხომ?
- დიახ.
იხილეთ რეპორტაჟი ამავე თემაზე: