"ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ადამიანებისთვის უფრო მეტი ავტორიტეტი ამ პარტიაში აღმოჩნდა ნიკა მელია, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი. მაშინ ამ ადამიანებს არ სცოდნიათ ვის პარტიაში იყვნენ -ასე ეხმაურება ენმ-ის დეპუტატი და ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ენმ-დან ზუგდიდის საკრებულოს ფრაქციის დეპუტატების წასვლას.
როგორც წითლიძე ამბობს, ეს ადამიანები პარტიიდან ბოლო 1 წელია ისედაც წასულები იყვნენ, არ ემორჩილებოდნენ პარტიის გადაწყვეტილებებს და დღეს წასვლა ოფიციალურად გაფორმეს:
"ძალიან ვწუხვარ ასევე, რომ მათთვის არაფერს არ ნიშნავდა მიხეილ სააკაშვილის განცხადებები, მიხეილ სააკაშვილის საჯარო მოწოდებები და მათ შორის, პირადი მოწოდებები და პირადი კომუნიკაცია ამ ადამიანებთან და არაფერს არ ნიშნავდა ის, რომ ციხეში მჯდომ პრეზიდენტს არაერთხელ უკეთებია მათ შორის განცხადება იმაზე, რომ პარტიაში, რომელსაც წარმოადგენს თვითონ, არანაირი არაფორმალური მმართველობა არ არსებობს." თქვა წითლიძემ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში".
წითლიძე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობებში, პარტიიდან წასვლას "ღალატად" აფასებს და წასულებს მოუწოდეს, რადგან პარტია დატოვეს, დატოვონ „ნაციონალური მოძრაობით“ მიღებული მანდატები და თანამდებობები საკრებულოებში.
"თუ უნდათ, რომ გულწრფელები იყვნენ ბოლომდე, მაშინ ბოლომდე გულწრფელები იყვნენ და მიხეილ სააკაშვილის ხმებით რომ აქვთ, თორემ ვერც ერთი მაჟორიტარი ვერ გახდებოდა მანდ და ვერ გაიმარჯვებდა ცალკეულად, მითუმეტეს სიით რომ არიან ის ადამიანები გასული, დატოვონ ახლა თანამდებობები, საკრებულოს მოადგილეები არიან, კომისიის თავმჯდომარეები არიან და 4 ათას ლარამდე ხელფასები აქვთ და ნაციონალური მოძრაობის სიით რომ იყვნენ და მიხეილ სააკაშვილის პარტიის წარმომადგენელები რომ იყვნენ, იმიტომ ჰქონდათ ამ ადამიანებს ეს თანამდებობები და თუ უნდათ ბოლომდე გულწრფელები იყვნენ ამ ყველაფერში, მაშინ უნდა დატოვონ ეს მანდატები. მე იგივე პრეტენზია მაქვს ყველა წასულთან, მათ შორის, აქ, პარლამენტში, სხვათა შორის იმასთანაც, ვინც ახლა უზით ერთ-ერთი თავიანთი მოკავშირე, ამ შემთხვევაში დეკანოიძეს ვგულისხმობ" ამბობს წითლიძე.
შეგახსენებთ, ზუგდიდის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" 14-მა დეპუტატმა და აპარატის სამმა თანამშრომელმა დღეს პარტია დატოვა.
იხილეთ ასევე: