11 წლის ბავშვს დედის ჩამოსვლამდე არ დაკრძალავენ - ქალს სამშობლოში ამ დრომდე ვერ ბრუნდება

გამოქვეყნდა:

11 წლის შვილზე ძალადობასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული მამა, ფრიდონ აბჟანდაძე, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. როგორც ცნობილია, მას დამცველი არ ჰყავს და სწორედ ამის გამო დღევანდელ პროცესზე გარდაცვლილის მამა თავად ცდილობდა მოსამართლის დარწმუნებას. მან თქვა, რომ პროკურატურის შუამდგომლობაში მოყვანილი ფაქტები ტყუილია და მას საკუთარი შვილი მუდმივი სტრესისა და შიშის ქვეშ არ ჰყოლია. 

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ფრიდონ აბჟანდაძე ბრალს არ აღიარებს. პირიქით - დღევანდელ პროცესზე იმას ამტკიცებდა, რომ შვილთან ძმაკაცური ურთიერთობა ჰქონდა. 

პროკურატურას საქმეში არაერთი ფაქტი აქვს, რომლის დროსაც 49 წლის მამაკაცი 11 წლის მოზარდს ავიწროვებდა, სცემდა ან აშინებდა. შესაბამისად, სასამართლოს შვილზე ძალადობაში ბრალდებული მამის გულწრფელობის არ სჯერა. მიუხედავად ამისა, გამოძიებას ჯერ არ აქვს პასუხი კითხვაზე, მოაწყო თუ არა მამამ შვილის თვითმკვლელობის ინსცენირება. 

გამოძიებაში, საქმესთან დაკავშირებით, დღემდე უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა. ტრაგედიიდან 4 დღის შემდეგ ნათესავებმა განაცხადეს, რომ ფრიდონ აბჟანდაძის მხრიდან შვილზე ზალადობის შესახებ პოლიციამ იცოდა, თუმცა რეაგირება არ ჰქონია. ისინი მამის დამნაშავეობაში დარწმუნებულები არიან და ითხოვენ, რომ შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანისათვის უმკაცრესად დაისაჯოს. 

გარდაცვლილის უახლოესი ოჯახი წევრები - და და ბებია კი ამ დრომდე ბრალდებებს უარყოფენ. რაც შეეხება გარდაცვლილის დედას,  10 წლის წინ ემიგრაციაში წასული ქალი სამშობლოში დასაბრუნებლად საბერძნეთიდან გუშინ წამოვიდა, თუმცა იმის გამო რომ მის პასპორტს ვადა აქვს გასული, თურქეთის ტერიტორიაზე არ შემოუშვეს. ის ახლა სახელმწიფო დახმარებას ითხოვს.

ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ მოზარდის დედას სამშობლოში ჩამოსვლაში საბერძნეთში საქართველოს საკონსულო დაეხმარება - ბავშვს კი დედის ჩამოსვლამდე არ დაკრძალავენ.

მოზარდის გარდაცვალების საქმეზე კი გამოძიება გრძელდება. პოლიციამ ახლა ის უნდა დაადგინოს, მოაწყო თუ არა მამამ შვილის თვითმკვლელობის ინსცენირება. 

შეგახსენებთ, რომ 49 წლის მამაკაცი საკუთარი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 23 აგვისტოს, საკუთარ სახლში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი