
"ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას ეხმაურება. გიგი უგულავა წუხს, რომ ხატია დეკანოიძეს წარმატებას არ უსურვებს და Facebook-ის პირად გვერდზე წერს: "მეგობრებო ნაცმოძრაობიდან, ძალა ერთობაშია თუ გადაღუნვაში? სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო".
ამავე პოსტის კომენტარში უგულავა ამბობს იმასაც, რომ "ევროპული საქართველო" ოპოზიციის შეთანხმების ერთგული რჩება: "შესაბამისად, ისანში მხარს გიორგი ვაშაძეს დავუჭერთ. კიდევ ერთხელ, ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. სამწუხაროა, რომ ხატიას წარმატებას არ ვუსურვებ. დრო გამოაჩენს რომ ეს ძალიან არასწორი ნაბიჯი იყო".
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ისნის რაიონში საკუთარი კანდიდატი დღეს, 26 აგვისტოს წარადგინა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამ ოლქში გამარჯვებისთვის ხატია დეკანოიძე იბრძოლებს.