პატრიოტთა ალიანსის მიერ ილორის ტაძრისთვის შეწირულ ხატს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ეკლესია უკან აბრუნებს. ამის შესახებ ინფორმაცია დეფაქტო აფხაზეთის მართლმადიდებლური ე.წ ეკლესიის ვებგვერდზე არის განთავსებული.
განცხადებაში წერია:
აფხაზეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ არ მიიღო ქართველი დეპუტატების მიერ ჩამოტანილი ხატი, რომელიც საჩუქრად ილორის ტაძარს გადაეცა და ხატს უკან აბრუნებს.
ხატი ისე შეწირეს, რომ ეკლესიის შესაბამისი იერარქიის წარმომადგენლებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. მსგავსი ქმედებები მიუღებელია, სანამ საქართველოს ეკლესია არ ცნობს აფხაზეთის სახელმწიფოსა და მისი მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობას, - წერია განცხადებაში
შეგახსენებთ, რომ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები 18 აგვისტოს ოკუპირებული აფხაზეთიდან დაბრუნდნენ. ირმა ინაშვილისა და თარხან მოურავის ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლის შესახებ ინფორმაცია 20 აგვისტოს "მთავარმა არხმა" გაავრცელა. "პატრიოტები" ოკუპირებულ აფხაზეთში გასაიდუმლოებული ვიზიტით იმყოფებოდნენ. რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონიდან გამოსვლის დროს ისინი საქართველოს მოქალაქეებმა დააფიქსირეს.
მოგვიანებით, მათი ვიზიტი აფხაზეთში მოქმედი ვეტერანების ორგანიზაციამ „არუაა“ დაადასტურა.