ბელარუსში დემონსტრანტების მასობრივი დაკავებები გრძელდება. დღეს, 200-მდე ადამიანი მინსკში საპროტესტო აქციის მიმდინარეობის დროს დააკავეს, აქცია არასანქცირებული იყო და საგანგებო დანიშნულების რაზმიც ცენტრალურ მოედანზე პროტესტის დაწყებიდან მალევე გამოჩნდა, დაკავებულია 20-მდე ჟურნალისტიც.
ლუკაშენკოს ხელისუფლებამ ქვეყანაში ტოტალური კონტროლი და დაშინებაც დაიწყო. მასწავლებლებს რომლებიც შემჩნეულნი იქნებიან ოპოზიციურ განწყობებში, თანამდებობებიდან ითხოვენ. პედაგოგებს საგანგებო განცხადებით მიმართა ოპოზიციის დევნილმა ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მათ მოუწოდა მხოლოდ საკუთარ სინდისს უსმინონ.
ქვეყნის ხელისუფლებას ოპოზიციასთან დიალოგისკენ მოუწოდებს ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელიც დღეს გაიმართა, გადაწყდა, რომ ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები, რაც შეიძლება მალე უნდა დაწესდეს. უკრაინა კი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ბელარუსთან პოლიტიკური ურთიერთობების გადახედვა დაიწყო. ოფიციალურმა კიევმა ბელარუსთან ყველა სახის ურთიერთობა გაწყვიტა.
ლუკაშენკო აცხადებს, რომ ევროპის არ ეშინია. დღეს ის მინსკში გამოჩნდა და ევროპის ქვეყნებს საპასუხო სანქციებით დაემუქრა.
კრემლმა უკვე დააკომპლექტა სამართალდამცველთა რაზმები, რომლებიც აუცილებლობის შემთხვევაში ბელარუსში გაემგზავრებიან. ეს განცხადება ვლადიმერ პუტინმა ერთ-ერთ რუსულ არხზე გააკეთა, თუმცა ბელარუსის მოსახლეობა დაამშვიდა, რომ ჯერ ამის საჭიროებას ვერ ხედავს.
კადრები, სადაც ჩანს, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ ჯარის მობილიზაცია დაიწყო, ბელარუსის დასავლეთშია გადაღებული. მიზეზად, ბელარუსის ლიდერი, ნატო-ს პოლონეთში მიმდინარე წვრთნებს ასახელებს და საპასუხო მანევრებისთვის ემზადება.
მესამე კვირაა, ბელარუსში აქციები არ წყდება. მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, 26-წლიან მმართველობაში მყოფი პრეზიდენტი ლუკაშენკო პოსტზე კიდევ ერთხელ და ამჯერად მეექვსედ "აირჩა". არის 2 მსხვერპლი და ასობით დაკავებული.