"ბრძოლა თავისუფლებისთვის" - აქციები ბელარუსში 2020

გამოქვეყნდა:

მესამე კვირაა, ბელარუსში აქციები არ წყდება. მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, 26-წლიან მმართველობაში მყოფი პრეზიდენტი ლუკაშენკო პოსტზე კიდევ ერთხელ და ამჯერად მეექვსედ "აირჩა". არის 2 მსხვერპლი და ასობით დაკავებული.

რა ხდება ბელარუსში და რას მოჰყვა პროტესტი: 

წინასაარჩევნო ქაოსი და საარჩევნო პროტესტი

1994 წლიდან უცვლელმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ კენჭი მეექვსედ იყარა და თავი ამჯერადაც გამარჯვებულად გამოაცხადა. ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს ჩატარდა.

ლუკაშენკოს ოთხი მეტოქე ჰყავდა: ანდრეი დმიტრიევი, სერგეი ჩეჩენეცი, ანნა კანოპაცკაია და სვეტლანა ტიხანოვსკაია.

ტიხანოვკაია ლუკაშენკოს მთავარი ოპონენტი აღმოჩნდა. ის პარალელურად პოლიტპატიმარ სერგეი ტიხანოვსკის ცოლია, რომელიც დღემდე, ისე, როგორც არჩევნების დღეს, ციხეში იჯდა - ის 2020 წლის 29 მაისს, გროდნოში მიმდინარე აქციების დროს დააკავეს. დაკავების შემდეგ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ორი საქმე აღიძრა - ბლოგერსა და პრეზიდენტობის კანდიდატს ოფიციალურ ბრალად ბელარუსის პოლიციასთან ანუ მათ მილიციასთან ძალადობრივ ქმედებას ედავებიან.

ბელარუს ბლოგერს საპრეზიდენტო არჩევებში მონაწილეობა სურდა, თუმცა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაცაზე უარი უთხრა. ამიტომ დაარეგისტრირა მისი ცოლი - და სწორედ სვეტლანამ იყარა კენჭი მის ნაცვლად. 

მას მხარს უჭერდნენ ცნობილი ბანკირი ვიქტორ ბაბარიკო და ყოფილი დიპლომატი ვალერი ცეპკალოც, რომელთაც ექსპერტები ლუკაშენკოს სერიოზულ მეტოქეებად განიხილავდნენ, თუმცა ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მათ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრა. 

აღსანიშნავია, რომ საპროტესტო აქციები და დაკავებების სერია ბელარუსში, ორთვიან წინასაარჩევნო პერიოდშიც მიმდინარეობდა. დააკავეს ადგილობრივი და უცხოური მედიის 50-ზე მეტი თანამშრომელი. სხვადასხვა ქალაქში მიმდინარე დემონსტრაციის დროს კი, განხვავებული ბრალდებებით ქვეყნის 1000-მდე მოქალაქე დააპატიმრეს.

საპრეზიდენტო კანდიდატებს უხილავი რეიტინგი წინასაარჩევნოდ:

ბელარუსში არცერთი დამოუკიდებელი სოციოლოგიური ინსტუტუტი არ ოპერირებს. არათუ სოციოლოგიური კვლევები, ამ საპრეზიდენტო არჩევნებს, დასავლელი დამკვირვებლებიც არ ჰყოლია. გაერო-სა და ეუთო-ს მისიების ცნობით, მათ მოწვევა ბელარუსიდან დროულად არ მიუღიათ და ეს გახდა მათი ვერ გამგავრების მიზეზიც.

მეტიც, საარჩევნო უბნებზე არც ადგილობრივი, დამოუკიდებელი დამკვირვებლები შეუშვეს - უბნებს მიღმა დარჩნენ საარჩევნო კომისიის მიერ აკრედიტებული დამკვირვებლებიც. საარჩევნო უბნებზე ყოფნის პრივილეგია მხოლოდ დსთ-ს მისიისა და რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყნის წარმომადგელს მიეცა.

არჩევნებს რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიაც არ დაკვირებია.

არჩევნების გაშუქების საშუალება უცხოურ მედიას არ მიეცა. ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციის ცნობით, აკრედიტაცია მხოლოდ 30-მა უცხოელმა ჟურნალისტმა მიიღო. ეს გადაწყვეტილება კი კორონაპანდემიით ახსნეს - ამბობდნენ, რომ აკრედიტაციის კომისია პანდემიის გამო სხდომებს ვერ ატარებდა, აკრედიტაციის გარეშე მუშაობის უფლება კი უცხოელ ჟურნალისტებს არ აქვთ. 

სპეცრაზმი სექს-მუშაკებში

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 29 ივლისს, პუტინის პროვოკაცია გამჟღავნდა - ბელარუსში, არეულობის მოსაწყობად ჩაყვანილი, 33 რუსი სპეცრაზმელი დააკავეს. სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები სექს-მუშაკებმა აღმოაჩინეს - არ გამოეპარათ, რომ სასტუმროში 30-ზე მეტი დაკუნთული კაცი მივიდა, რომლებიც არც მათ დაკონტაქტებიან  და არც არაყს გაკარებიან​. ეს საეჭვოდ ეჩვენათ და პოლიციას შეატყობინეს.

სააგენტო "ბელტა"-ს მიერ პოლიციისგან მოპოვებული ინფორმაციით, მებრძოლები რუსეთის მოქალაქეები იყვნენ და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის მიზნით ჩავიდნენ. ბელარუსის სამართლდამცავ სტუქტურებში ვარაუდობდნენ, რომ ქვეყანაში მებრძოლების რაოდენობა სინამდვილეში გაცილებით მეტი იყო.

საარჩევნო დღე

დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესიც. ხმის მიცემის დროს მინსკის პოლიციამ ოპოზიციის რამდენიმე მხარდამჭერი დააკავა. თავის მხრივ ოპოზიციამ შექმნილი ვითარება მაშინვე გააპროტესტა და მთავრობა ადამიანის უფლებების დარღვევასა და ხელისუფლების უზურპაციაში დაადანაშაულა.

არჩევნების შედეგები

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80,1%, მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ სვეტლანა ტიახნოვსკაიამ კი მხოლოდ 10,1% აიღო.

პროტესტი 

საარჩევნო შედეგების გასაჯაროების შემდეგ მოსახლეობა ქუჩაში უკვე მასობრივად გავიდა და ლუკაშენკოს მთავრობა არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. დაპირისპირება მოხდა მინსკსში, სადაც პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა. ათობით ადამიანმა მძიმე დაზიანება მიიღო. დააკავეს 200-მდე დემონსტრანტი.

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გამოცხადებული შედეგები მიუღებელი იყო ოპოზიციისთვისაც. მაშინ როცა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხელისუფლება თაღლითობაში დაადანაშაულა, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ძალის გამოყენებისკენ უარის თქმისკენ მოუწოდა.

აღსანიშნავია, რომ არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში, ბელარუსში მიმდინარე პროცესებისა და ზეწოლის გამო, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ქვეყანა დატოვა და თავი ლიეტუვას შეაფარა, საიდანც თავის მომხრეებს არ დაშლისკენ მოუწოდებდა. პროტესტი, რომ მათი ლიდერი ქვეყნიდან წავიდა, ბელარუს ამომრჩეველს არ გასჩენია. მეტიც, ისინი ამბობენ, რომ გარემოებები, რის გამოც ტიხანვსკაიას წასვლა მოუწია, მათთვის სავსებით გასაგებია. 

აქციები [იქაც] რეზინის ტყვიებით დაარბიეს

აქციებს ბელარუსში არც ტყვიების და არც მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია.

ალექსანდრე ლუკაშენკომ აქციაზე გამოსულ ბელარუსს ამომრჩეველს სწორედ ის ტყვიები დაუპირისპირა, რომელიც თბილისში, 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს ხელისუფლებამ - საკუთარ მოქალაქეებს.

დაძაბულობის გასანეიტრალებლად და კონტროლის სრულად ხელში ასაღებად ხელისუფლებამ,  სამხედრო შენაერთები და პოლიციის რაზმები გამოიყვანა ქუჩაში. გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობაც. ალყაში მოაქციეს ყველა საჯარო დაწესებულება და ჩაკეტეს დედაქალაქში შესასვლელი ყველა მაგისტრალი.

აქციების პარალელურად, მინსკში თითქმის ყოველდღიურად აკავებენ ოპოზიციის წარმომადგენლებსაც. ბოლო ასეთი შემთხვევა 24 აგვისტოს მოხდა, რა დროსაც ოპოზიციონერებს არასანქცირებული მასობრივი აქციის მოწყობას სდებდნენ ბრალად. დააპატიმრეს სვეტლანა ტიხანოვსკაიას რწმუნებული პირი ოლგა კოვალკოვა და საგაფიცვო კომიტეტის წარმომადგენელი სერგეი დილევსკი. 

დაკავებებთან ერთად, ლუკაშენკომ ოპოზიცია დესტაბილიზაციის მოწყობასა და უცხო ქვეყნის მთავრობებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მის ქვეყანაში უკრაინული მაიდანი არ განმეორდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, უმკაცრესი ზომების გამოყნებას დაპირდა მოსახლეობას. 

ლუკაშენკოს ამ განცხადებების მიუხედავად, ბელარუსი ხალხისა და გაერთიანებულ ოპოზიციის პროტესტი არ წყდება. პოლიტიკოსებმა არჩევნების შედგების ბათილად ცნობისა და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით სარჩელი უზენაეს სასამართლოშიც შეიტანეს.

მსხვერპლი 

მინსკში, პოლიციასთან შეტაკებებს ორი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი მძიმედ დაშავდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, სამართალდამცველებმა 3 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. 

პოლიციის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები საჯარო შენობებში შეღწევას და მის ბლოკირებას შეეცადნენ. მთავრობამ მომიტინგეებს სპეცდანიშნულებისა და ეროვნული უსაფრთხოების რაზმები დაუპირისპირა.

ლუკაშენკოს პოლიტიკური ოპონენტებისა და აქციის ორგანიზატორების წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და მათ რამდენიმეწლიანი, ზოგ შემთხვევაში კი უვადო, პატიმრობა ემუქრებათ.

პუტინისა და ლუკაშენკოს "შეთანხმება" 

22 აგვისტოს ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხდა, რომ ის და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საერთო აზრზე არიან, რომ დასავლთ საზღვარზე ავიწროებენ და წამლავენ. მისივე თქმით, ეს იმისთვის ხდება, მათ რუსეთს შეუტიონ.

თავის მხრივ, კრემლმა უკვე დააკომპლექტა სამართალდამცველთა რაზმები, რომლებიც აუცილებლობის შემთხვევაში ბელარუსში გაემგზავრებიან. ეს განცხადება ვლადიმერ პუტინმა ერთ-ერთ რუსულ არხზე გააკეთა, თუმცა ბელარუსის მოსახლეობა დაამშვიდა, რომ ჯერ ამის საჭიროებას ვერ ხედავს.

ახალი ბელარუსის მარში

23 აგვისტოს, მინსკში მასობრივი სამშვიდობო მსვლელობა გაიმართა. აქციაზე სახელწოდებით "ახალი ბელარუსის მარში" ათიათასობით ადამიანი გამოვიდა და ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარება მოითხოვა. ლუკაშენკოს ხელისუფლება ამ მოთხოვნის შესრულებას ისევ არ აპირებს და დემონსტრაციებს დასავლეთის მიერ შედგენილ გეგმად მიიჩნევს. 

საერთაშორისო გამოხმაურება

  • ევროკავშირის სხვა ქვეყნებსაც ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობს ევროკავშირი - მათ განცხადებაშია ნათქვამია, რომ ბელარუსში სტაბილურობის მოტანა მხოლოდ ადამიანების უფლებების დაცვას, დემოკრატიასა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას შეუძლია;
  • პოლონეთმა ევროკავშირს ბელარუსში მიმდინარე პროცესების შესახებ საგანგებო სამიტის ჩატარების მოთხოვნით მიმართა;
  • გერმანიის მთავრობამ ბელარუსის წინააღმდეგ უმკაცრესი სანქციების დაწესება დააანონსა;
  • განცხადებას ავრცელებს ამერიკის შეერთებული შტატებიც. სახელმწიფო მდივანი ოფიციალურ მინსკს ადამიანების უფლებების დაცვისაკენ და აქციის მონაწილეებზე განხორციელებული ძალადობის შეჩერებისკენ მოუწოდებს.
  • ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ლიეტუვის ყოფილი პრემიერმინისტრი, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი: "ლუკაშენკო უნდა წავიდეს, ის არალეგიტიმურია".
  • "არც ბელარუსი და არც ჩვენ - ლიეტუველი ხალხი, არ დავივიწყებთ, რომ თქვენ ჩუმად იყავით ასეთ მნიშვნელოვან დროს, დროს, როცა ბელარუს ხალხს მარტივი რამის სურვილი აქვს - არა ნატო და ევროკავშირი, ისინი ამ თვალსაზრისით თქვენსავით შორს არც კი მიდიან, არამედ მათ სურთ თავისუფლება და დემოკრატიული არჩევანი. და თუ ეს თქვენთვის, ქართველებისთვის მისაღებია, აიმაღლეთ ხმა და ეს გააკეთეთ ახლავე!" - ამბობს ლიეტვუას სეიმის დეპუტატი ჟიგის პავილიონისი ბელარუსზე საუბრისას გადაცემაში “დღის სტუმარი”. 

მიუხედავად მოსახლეობის უკმაყოფილებისა და საერთაშორისო საზოგადოების უმკაცრესი შეფასებისა, ლუკაშენკოს "დემოკრატიულ არჩევნებში" გამარჯვება მისმა მოკავშირეებმა - ილჰამ ალიევმა და ვლადიმერ პუტინმა მიულოცეს. 

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს თითქმის არაფერი უთქვამთ. განცხადება მხოლოდ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გაავრცელა, სადაც ის ძალადობას გაემიჯნა და იმედი გამოთქვა, რომ "მიმდინარე პროცესი დასრულდება ისე, რომ ბელარუსის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს არ დააზიანებს და არც შეაფერხებს". 

ხელისუფლებისგან განსხვავებით, თბილისში მცხოვრებ ბელარუსებთან ერთად, სოლიდარობის არაერთი აქცია გამართეს ქართველმა სამოქალაქო აქტივისტებმა.

ხელისუფლების მდუმარების ფონზე, ბელარუსში მიმდინარე პროცესებზე აზრი ვკითხეთ დიპლომატ გიორგი ბადრიძეს: 

გიორგი ბადრიძე თვლის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსსა და საქართველოს ძალიან ცოტა რამ აქვს საერთო, პროცესები ბელარუსში ჩვენი ქვეყნისთვის მაინც "ჭკუის სასწავლებელი მაგალითია". ბელარუსში რომ ცვლილებები გარდაუვალია ამაში დარწმუნებულია დიდი ხნის გამოცდილების დიპლომატი, მაგრამ რა უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ბადრიძე ფიროქბს, რომ ეს პუტინისთვის მნიშვნელოვანი აღარ არის:

რუსეთი ვერ იტანს ოდნავ მაინც დამოუკიდებელს, თუნდაც სრულიად პრორუსულს, ვინც თავის ტერიტორიაზე განალაგებს სამხედრო ბაზას, მის ერთობლივ თავდაცვის სისტემებს. ყველაფერი აქვს ბელარუსის ლიდერს, მის დიქტატორს, ის რაც უნდა მოსწონდეს. მაგრამ მისი უარი, რომ როგორც გუბერნია ისე მოიქცეს და რაღაც სუვერენიტეტი განახორციელოს, პუტინისთვის აშკარად მიუღებელია. 

პუტინს აწყობს ბელარუსი იყოს თუნდაც ლუკაშენკოს პირობებში, დისფუნქციური, შეუმდგარი სახელმწიფო. რაც უფრო მეტად დაკარგავს ლეგიტიმურობას ლუკაშენკო, პუტინს უფრო მეტად აწყობს. პუტინის და კრემლის სტრატეგიული ხაზი არის ასეთი: მისი მეზობლები უნდა იყვნენ შეუმდგარი სახელმწიფოები, რომელსაც მართავენ არალეგიტიმური დიქტარორები, ოლიგარქები თუ ვინც გინდათ, რომელთა მიმართაც დასავლეთს ექნება ძალიან სკეპტიკური დამოკიდებულება და რომლებიც ამის გამო იქნებიან კიდევ უფრო მეტად დამოკიდებულები მოსკოვზე. ის ახლა კიდევ უფრო არალეგიტიმური ხდება, ვიდრე აქამდე იყო და როდესაც მას საგარეო პოლიტიკური არჩევანი ეზღუდება, - ამბობს ბადრიძე.

გიორგი ბადრიძე გვიყვება, რომ 90-იან წლებში მსგავსი სიტუაცია იყო უზბეკეთში, რომელმაც რუსეთისგან დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება დაიწყო, შეუერთდა მაშინდელ სუამს და სუუამი გახდა. "მერე ჩატარდა იქ ვითომ არჩევნები, დაერია მაშინდელი ხელსუფლება თავის მოსახლეობას, დაარბია, მსხვერპლი იყო ასობით. აშშ-მ და დასავლეთმა ძალიან მკაცრად გააკრიტიკეს, სანქციებით დაემუქრნენ, მაგრამ მაშინ დასავლეთს ზურგი აქციეს. ახლა თავიდან იწყება ეს პროცესი და ალბათ იგივეს ვნახავთ ბელარუსშიც. თუ ლუკაშენკომ შეინარჩუნა ძალაუფლება, ბელორუსი აღმოჩნდება პოლიტიკურ და შესაძლოა ეკონომიკურ იზოლაციაში დასავლეთისგან და უფრო მეტად დამოკიდებული გახდება რუსეთზე".

ბელარუსი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის  მხარდაჭერას მსოფლიოს არაერთი ქვეყანა უცხადებს. სოლიდარობის ნიშნად  - სხვადასხვა ქვეყნებში ბელარუსის დროშის ფერებში გაანათეს ხიდები და გადმოფინეს დროშები, წარწერით: Жыве Беларусь! 

ბელარუსის და ბელარუსი ხალხის მხარდასაჭერი ლოგო შექმნა "მთავარმა არხმაც", რომლის გამოყენებაც Facebook-ზე შეგვიძლია.

Жыве Беларусь! 

 

ავტორი: მარია გეგეჭკორი

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი