როგორია საქართველოს იმ მოქალაქეების მდგომარეობა, რომელებიც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს ჰყავს დატყვევებული? გატაცებულების ოჯახებს ამ კითხვაზე პასუხი დღემდე არ აქვთ.
საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებს კი კონკრეტული შედეგები არ მოჰყოლია. გენადი ბესტაევის, ხვიჩა მღებრიშვილისა და ზაზა გახელაძის ოჯახებში ვნებათაღელვა კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც ცხინვალელი ახალგაზრდა საოკუპაციო ძალებმა წინასწარი დაკავების იზოლატორში წამებით მოკლეს. ხელისუფლებას ახალი ინიციატივით მიმართავს ანტისაოკუპაციო მოძრაობა.
დავით ქაცარავა საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, საოკუპაციო რეჟიმს სიტყვაზე აღარ ენდოს და გატაცებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია ვიდეომტკიცებულებებით მიიღოს. ქაცარავა ფიქრობს, რომ არ არის გამორიცხული, ოკუპანტების მიერ გატაცებული ტყვეები ძალადობის მსხვერპლები იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში ამ დროისთვისაც 3 ადამიანია. ისინი არარსებული საზღვრის დარღვევისთვის 3 ივლისს დააკავეს - ხვიჩა მღებრიშვილი, დაჭრილ ზაზა გახელაძე. გასული წლის ბოლოს საკუთარი სახლიდან გაიტაცეს გენადი ბესტაევი, რომელიც უკვე "მსჯავრდებულია" და 2019 წლის ნოემბრიდან ორწლიან "სასჯელს" იხდის.
ცნობისთვის, მედიაში გუშინ, 28 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ წინასწარი დაკავების იზოლატორში ინალ ჯაბიევი, სავარაუდოდ, ცემაში შემოაკვდათ. ამ ინფორმაციის დამადასტურებელ ფოტოებს, დე ფაქტო რეგიონში მცხოვრები, სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი საკუთარ Facebook-ის გვერდზე ავრცელებს. ჯიბაევი გასულ კვირას დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
ე.წ პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ე.წ სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებთან საგანგებო შეხვედრა გამართა და გამოძიების დასრულებამდე, ე.წ. შს მინისტრი გაათავისუფლა. გუშინვე ცნობილი გახდა, რომ ბიბილოვმა ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის დათხოვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია Эха Кавказа გაავრცელა.