კვირის მსახურების შემდეგ ბოდბელი მთავარეპისკოპოსი მუქარის ხასიათზე დადგა. გზავნილი მრევლისთვის პოლიტიკური აქცენტებით იყო გაჯერებული. მღვდელმთავარი ქადაგებისას არ მორიდებია რჩევას, რომ არჩევნები მოახლოვებულია და მრევლს გონიერი გადაწყვეტილების მიღება მართებთ. გავლენიანმა სასულიერო პირმა ქადაგების პირველ ნაწილში ტელევიზიები პარტიულ მიკერძოებულობაშიც დაადანაშაულა.
მეუფე იაკობის პოლიტიკური ქადაგების ძირითადი ნაწილი არჩევნებს და პოლიტიკურ პარტიებს დაეთმო. მღვდელმთავარმა ყველა პოლიტიკური სუბიექტი სექტას შეადარა და შეეცადა ეკლესიის პოზიცია გაემართლებინა, როდესაც საქმე მმართველ გუნდთან ურთიერთობას ეხება. მთავარეპისკოპოსის ეს ქადაგება განსაკუთრებით საყურადღებო კი მას შემდეგ გახდა რაც ქართული ოცნების ლიდერებმა, არჩევნების წინ აქტიურად დაიწყებს მოგზაურობა სხვადასხვა ეპარქიაში მღვდელმთავრების მონაწილეობით.
ბოდბელი მთავარეპისკოპოსის პოლიტიკური გზავნილებს დღეს თეოლოგები გამოეხმაურნენ. ისინი ამბობენ რომ მუქარა ამბიონიდან ყველაზე უფრო შეუფერებელი საქციელია მაღალი იერარქიის სასულიერო პირისთვის, თუმცა ყველაზე უფრო მეტად თეოლოგებს ეკლესიისა და პოლიტიკის გავლენებისთვის ბრძოლა აშფოთებთ.
თეოლოგები პატრიარქის კარზე ყველაზე გავლენიანი მღვდელმთავრის გააქტიურებას არჩევნების წინ პოლიტიკურ თამაშს უკავშირებენ, როდესაც ეკლესია ამბიონიდან გაკეთებული პოლიტიკური გზავნილების სანაცვლოდ, ხელისუფლებისგან კონკრეტულ სარგებელს მიიღებს, ამის მაგალითები კი სპეციალისტებს კარგად ახსოვს გასული არჩევნებიდან.
არასამთავრობო სექტორი მეუფე იაკობის მუქარანარევ ქადაგებას პოლიტიკური ვაჭრობის ნაწილად აფასებს. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტში ამბობენ რომ ეკლესიას ახლა ყველაზე კარგი დრო აქვს ივაჭროს ხელისუფლებასთან, მრევლზე საკუთარი ავტორიტეტის და გავლენების გამოყენებით.
მეუფე იაკობის მუქარას დღეს ქართულ ოცნებაში მოკრძალებულად უპასუხეს. მაღალ იერარქებთან ღიად დაპირისპირებას მოერიდნენ, თუმცა ბოდბელ მთავარეპისკოპოს კანონი შეახსენეს.
ბოლო ორი კვირაა ბოდბის მთავარეპისკოპოსი საკუთარი ქადაგებებით პოლიტიკურ საკითხებს ეხება. ბოლო პერიოდია განსაკუთრებით გააქტიურდა სახელისუფლებო გუნდი და ხშირად მღვდელმთავრებთან ერთად დადიან ეკლესია მონასტრებში, არჩევნების წინ კი იძლევიან დაპირებას რომ ყველა ტაძარს აღადგენენ. სავარაუდოა რომ არჩევნების დროს მრევლის ხმა იქნება გადამწყვეტი გამარჯვებისთვის.